პროევროპულ თბილისს არ უნდა ჰყავდეს პრორუსი მერი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
"თბილისის მერობის კანდიდატად "ქართულმა ოცნებამ" ამ ქალაქის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერი, კიდევ ერთხელ, მესამე ვადით წარმოადგინა და დაასახელა.
მისი წარუმატებელი მმართველობა ყველა თბილისელმა საკუთარ თავზე უსაფრთხოებაზე და ჯიბეზე იგრძნო. ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, სადაც კახა კალაძემ თავის გუნდთან ერთად, ამ წლების განმავლობაში, გაფლანგა თბილისის ბიუჯეტი, გაანადგურა ის სოციალური გარანტიები, რომელიც ამ ქალაქში ჩვენ ყველას ერთად უნდა შეგვექმნა.
კახი კალაძის მემკვიდრეობა ასეთია: ტოტალური კორუფცია, მოქალაქეების ინტერესების შელახვა, "ქართული ოცნების" მხარდამჭერი დეველოპერების მიერ ქალაქის განადგურება და მათი უსაშველო, უზარმაზარი მაჩვენებლებით გამდიდრება. გამდიდრებული ვიცე-მერები, სამსახურის უფროსები, მექრთამე გამგებლები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში არ ემსახურებოდნენ თბილისელების ინტერესებს, არამედ პირიქით თავად ემსახურებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის და მათი გუნდის ინტერესებს.
ქალაქი სავსე სიღარიბით, სადაც 153 000 სოციალურად დაუცველი ცხოვრობს და ათასობით მოქალაქე სოციალური შემწეობის მიღების მოლოდინშია. საცობებით გაჭედილი თბილის, რაც კახი კალაძის პერსონალური პასუხისმგებლობაა.
ათიათასობით მიუსაფარი ძაღლი, რომელიც საფრთხეს უქმნის ქალაქის და მოსახლეობის უსაფრთხოებას. არ ხდება მიუსაფარი ცხოველების სწორი მართვა, რომელიც უნდა ასახავდეს ამ ქალაქის ჰუმანურობას და უსაფრთხოების მთავარ გარანტიებს.
ტოტალური სიღარიბე, როცა 42 000 თბილისელი სოციალურ სასადილოებში ელოდება ერთ ულუფა საკვებს და ათასობით მოქალაქე ფიზიკურად ვერ ღებულობს ამ ერთ ულუფა საკვებსაც კი იმიტომ, რომ არის მომლოდინეთა სიაში. კახი კალაძის სისტემის მიხედვით, ეს მომლოდინეთა სია აისახება ამაზრზენი არაჰუმანური მოპყრობით და სისტემით, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა გარდაიცვალოს ვინმე ამ სიიდან, ან უნდა ამოაკლო სიას იმისთვის, რომ სხვა მომლოდინემ ჩაანაცვლოს ის უფასო სასადილოებში.
ჩამონგრეული ვარკეთილისა და გურამიშვილის მეტროები, გაუმართავი ინფრასტრუქტურა ქალაქებში, რომელზეც ისევ და ისევ პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრება კახი კალაძეს, რომელმაც მრავალგზის, ერთი და იგივე პარკის რეაბილიტაცია აჩვენა თბილისელებს, მრავალი ათეულობით მილიონი დახარჯა, რაც მხოლოდ და მხოლოდ კორუფციაზე მიუთითებს.
გაზრდილი ჯარიმები ავტობუსით მგზავრობის, პარკირების და სხვადასხვა საქალაქო სერვისის კუთხით - ეს ნიშნავს იმას, რომ კახი კალაძე ყოველწლიურად, თქვენი, თბილისელების ჯიბიდან იღებს ათეულობით მილიონ ლარს, რომელიც შემდეგ ისევ პარტიულ და ჩინოვნიკების ჯიბეებში ნაწილდება. გაორმაგებული ტარიფები - არ ახსოვს ისტორიას, რომ 100%-ით ერთდროულად გაზრდილიყოს ტარიფები მუნიციპალურ ტრანსპორტზე.
ურბანული გენოციდი, რომელიც კახა კალაძემ მოუწყო თბილისელებს. ფხაკაძეების ცათამბრჯენები იპოდრომზე, ცენტრალური პარკის ნაცვლად.
ყველა ის პირობა, რომელიც კახი კალაძემ დადო არის დარღვეული და დანაშაულებრივად გადაკეთებული მხოლდ და მხოლოდ ივანიშვილის და "ქართული ოცნების" სასარგებლოდ.
დღეს, ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე გამოწვევა, რომ ამ მემკვიდრეობის მქონე, ყოფილი მერი, კახი კალაძე წარმოადგინეს მესამე ვადით მერობის კანდიდატად. ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რომ თბილისს პროევროპულ ქალაქ არ ყავდეს პრორუსი მერი, რომელზეც არსებობს მრავალი ბრალდება და მრავალი შეკითხვა, რომლის ვიცე-მერებიც ჯერ კიდევ დაკავების რისკის ქვეშ არიან კორუფციის ბრალდებების გამო, არ უნდა გახდეს ამ ქალაქის თავკაცი.
პროევროპულ თბილისს არ უნდა ჰყავდეს პრორუსი მერი," - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.