"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანატოლი გიგაურის განაჩენის გამოცხადება გადაიდო. გიგაურს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.
სასამართლოში მყოფი ჟურნალისტების ინფორმაციით, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გიგაურის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას შემდეგ სხდომაზე გამოაცხადებს:
„ამ გარემოებებს დამატებით სჭირდება კიდევ შეფასება და საბოლოო სიტყვა და განაჩენი გამოცხადდება შემდეგ სხდომაზე. არის საკითხები, რომელიც წარმოაჩინეს მხარეებმა და ამას დამატებით სჭირდება შეფასება... ყველა ამ საკითხს კიდევ ერთხელ სჭირდება შეფასება“ , - განაცხადა ნაჭყებიამ "ფორმულას" ცნობით.
ანატოლი გიგაური 25 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.