რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა განაცხადა, რომ რუმინეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში, თუმცა Patriot-ის სისტემის გადაცემის საკითხი ჯერ არ განხილულა.
ამის შესახებ მან პარასკევს, ზალცბურგში, ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდრ ვან დერ ბელენთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რაც შეეხება რუმინეთის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, ის გაგრძელდება, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში, თუმცა Patriot-ის სისტემის საკითხი ჯერ არ განხილულა“, - განაცხადა დანმა.
რუმინეთმა ხელი მოაწერა 3.9 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებას შვიდი ახალი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის შესაძენად.
რუმინეთმა ამ დროისთვის Patriot-ის ოთხი სისტემა მიიღო, რომელთაგან ერთი უკრაინას 2024 წლის სექტემბერში გადასცა. შემდეგი სამი საჰაერო თავდაცვის სისტემა რუმინეთს 2027 წლიდან მიეწოდება.