SpaceX-ის დამფუძნებლის ილონ მასკის მითითებით,, 2022 წლის შემოდგომაზე Starlink-ის სატელიტური კომუნიკაციების გაითია ზოგიერთ საბრძოლო ზონაში, რითაც უკრაინის კონტრშეტევა ჩაიშალა.
ამის შესახებ Reuters-ს სამმა წყარომ განუცხადა.
მათი ცნობით, მასკმა SpaceX-ის (კომპანია, რომელსაც ის ფლობს და რომელიც Starlink-ს აკონტროლებს) უფროს ინჟინერს დაავალა, რომ შავი ზღვის ჩრდილოეთით მდებარე სტრატეგიულ რეგიონში, რომლის დაბრუნებასაც უკრაინა ცდილობდა, სერვისის დაფარვა შეეზღუდა, მათ შორის ხერსონში და სხვა რაიონებში.
წყაროების ცნობით, Starlink-ის ინჟინერმა მაიკლ ნიკოლსმა ბრძანება კოლეგებს გადასცა, რომლებმაც გამორთეს Starlink-ის სულ მცირე ასი ტერმინალი, რის გამოც კომპანიის შიდა დაფარვის რუკაზე მათი ექვსკუთხა უჯრედები ჩაქრა.
მათი თქმით, Starlink-ის კომუნიკაციები ასევე დაიკარგა რუსეთის მიერ კონტროლირებად ზოგიერთ ტერიტორიაზე, მათ შორის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიის ნაწილში.
წყაროების მიხედვით, ჯარისკაცებში პანიკა დაიწყო, რუსების პოზიციების დამკვირვებელი დრონები გაითიშა, ხოლო შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, რომელიც Starlink-ზე იყო დამოკიდებული, სამიზნეების დარტყმა გაუჭირდა.
ამის შედეგად, როგორც უკრაინელი სამხედრო და სამხედრო მრჩეველი გამოცემას უყვებიან, უკრაინულმა ძალებმა ბერისლავის ქალაქში, ხერსონის რეგიონის აღმოსავლეთით, რუსული პოზიციის ალყაში მოქცევა ვერ მოახერხეს. "ალყა მთლიანად შეფერხდა და ჩავარდა" - თქვა სამხედრო პირმა.
საბოლოოდ, უკრაინის კონტრშეტევამ ბერისლავი და რუსეთის მიერ ოკუპირებული დამატებითი ტერიტორიებიც წარმატებით დაიბრუნა.
Reuters-ს ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, რომ ინციდენტის მიუხედავად, Starlink კვლავ აქტიურად გამოიყენება უკრაინაში, თუმცა, უკრაინის ოფიციალური პირები აგრძელებენ ალტერნატივების ძიებას, რომლებმაც შეიძლება შეავსონ ან ჩაანაცვლონ Starlink, თუ სერვისი მიუწვდომელი გახდება.