24 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადაში ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომელიც უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის აღდგენას ისახავს მიზნად.
მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან უკვე შეათანხმა ახალი კანონპროექტის ტექსტი, რომელმაც უნდა „გააძლიეროს“ ანტიკორუფციული სააგენტოების დამოუკიდებლობა და რომ ის მას ხუთშაბათს უმაღლეს რადას წარუდგენს.
ზელენსკის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი უზრუნველყოფს ანტიკორუფციული უწყებების დამოუკიდებლობას და რუსეთის გავლენისა და ჩარევისგან ქვეყნის სამართლებრივ სისტემას იცავს. მან დოკუმენტს "დაბალანსებული" უწოდა, თუმცა დეტალებზე არ ისაუბრა.
ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ცნობით, მათ მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის მომზადებაში, რომელიც რადას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარუდგინა. მათი გააცხადებით, ეს დოკუმენტი აღადგენს ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს და სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურის ყველა უფლებამოსილებას და დამოუკიდებლობის გარანტიებს.
22 ივლისს, ქვეყნის მასშტაბით ქალაქებში გამართული საპროტესტო აქციების მიუხედავად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც უკრაინის ოპოზიციის დეპუტატებისა და დამკვირვებლების თანახმად, დამოუკიდებლობას უზღუდავს ორ უმთავრეს ანტიკორუფციულ ინსტიტუტს.