თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები დევნილების გამოსახლება ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც ხეზე იყო ასული და პროტესტის ნიშნად გადმოხტომით იმუქრებოდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 4 ადამიანი. ასევე რამდენიმე წუთის წინ ადგილი ჰქონდა ერთი პირის დაკავების მცდელობას, თუმცა კაცმა გონება დაკარგა და მისი გადაყვანა სასწრაფო დახმარებას მოუწია.
ხმაური მიტოვებული ქარხნის შენობასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე მძიმე ტექნიკა მიიყვანეს. უსახლკაროდ დარჩენილები ეჭვობენ, რომ გამოსახლების შემდეგ ადგილზე დემონტაჟის სამუშაოები დაიწყება.
თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება მიმდინარეობს - ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები. ადგილობრივები გასახლების პროცესს აპროტესტებენ. ადგილზე ხმაური რამდენჯერმე იყო. როგორც მცხოვრებლები აღნიშნავენ, კერძო მესაკუთრის საფუძველზე ხდება გამოსახლება, რომელიც ადგილობრივების თქმით, აცხადებს, რომ შენობა ავარიულია და მისი დაცლა უნდა მოხდეს.
ფოტო: ალექსანდრე ქეშელაშვილი