ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურა იმუშავებს, მაგრამ რუსეთის გავლენის გარეშე, ამისგან ყველაფერი უნდა გაიწმინდოს და მეტი სამართლიანობა უნდა იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას შემდეგ განაცხადა, რაც ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის უფლებამოსილებების შეზღუდვას ეხება.
ზელენსკის თქმით, რუსული გავლენისგან ყველაფრის გაწმენდა არის საჭირო და მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულისთვის სასჯელი გარდაუვალი იყოს, ხოლო ამას საზოგადოება ნამდვილად ხედავდეს.
"ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურა იმუშავებს, თუმცა რუსული გავლენის გარეშე - ამისგან ყველაფრის გაწმენდა არის საჭირო და მეტი სამართლიანობა უნდა იყოს.
რა თქმა უნდა, ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა იმუშავებენ და მნიშვნელოვანია, რომ გენერალური პროკურორი მიმართულია იმისკენ, რომ უკრაინაში რეალურად უზრუნველყოფილი იყოს მათი გარდაუვალი სასჯელი, ვინც კანონს არღვევს. ეს ნამდვილად საჭიროა უკრაინისთვის. საქმეები, რომლებიც შემოდებული იყო, გამოძიებული უნდა იქნას.
წლების განმავლობაში, ჩინოვნიკები, რომლებიც უკრაინიდან გაიქცნენ, რატომღაც მშვიდად ცხოვრობენ საზღვარგარეთ ძალიან სასიამოვნო ქვეყნებში და სამართლებრივი შედეგების გარეშე. ეს არანორმალურია. არ არსებობს რაციონალური ახსნა, თუ რატომ არის თაროზე შემოდებული სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც მილიარდებს ეხება. არ არსებობს არანაირი ახსნა, თუ რატომ შეუძლიათ რუსებს კვლავ მიიღონ ინფორმაცია, რომელიც მათთვის აუცილებელია. მნიშვნელოვანია, რომ რუსების გარეშე იყოს. მნიშვნელოვანია, რომ სასჯელი გარდაუვალი იყოს და საზოგადოება ამას ნამდვილად ხედავდეს". - თქვა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას ზღუდავს.