სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ბრატისლავა აღარ დაბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტს. ამის შესახებ Reuters იუწყება.
ფიცომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სლოვაკეთმა „ყველაფერს მიაღწია, რისი მიღწევაც შეეძლო“ ევროკომისიასთან მოლაპარაკებებში, რომელიც ეხებოდა გარანტიებს პოტენციური ზიანისგან, ევროკავშირის მხრიდან რუსული გაზის იმპორტზე სრული უარის შემთხვევაში. მისი თქმით, მოლაპარაკებების ყველა შესაძლებლობა ამოწურულია.
პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ სლოვაკეთმა ევროკომისიისგან გარკვეული გარანტიები მიიღო, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდების აკრძალვის შემთხვევაში, ქვეყანას ენერგორესურსები მისი საჭიროებების შესაბამისად მიეწოდება.
ფიცომ ბრიუსელში ქვეყნის წარმომადგენლებს დაავალა, სანქციების მე-18 პაკეტის მიღებას ხელი არ შეუშალონ.