„ოცნება“ ფაქტობრივად საქართველოს მოქალაქეების ზურგს უკან დაიმალა და სხვადასხვა სახელმწიფოს მეშვებით ცდილობს, რომ პერსონალური ფინანსური სანქციები არ დაუწესდეს, - ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტ თამარ ნუცუბიძეს განუცხადა.
გიორგი გახარია, ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით 15 ივლისს გამართულ მოსმენას გამოეხმაურა.
„გზავნილი ძალიან მარტივია, იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირი ვერ ახერხებს, რომ კონსენსუსს მიაღწიოს, თუ როგორ დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები იმ ადამიანებს, რომლებიც დამნაშავეები არიან საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ორიენტაციის ცვლილებაში, ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დასაჯონ საქართველოს მოქალაქეები. „ოცნება“ ფაქტობრივად საქართველოს მოქალაქეების ზურგს უკან დაიმალა და სხვადასხვა სახელმწიფოს მეშვებით ცდილობს, რომ პერსონალური ფინანსური სანქციები არ დაუწესდეს. ყველაფერი მალე გამოჩნდება, როდესაც ამ საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებები გამჟღავნდება. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები მთავრობას მოსთხოვენ გაასაჯაროოს თუ რა სახის წერილი მიიღო ევროკომისიისგან, თუ რა ვადებსა და პირობებზეა საუბარი. [„ქართული ოცნება“] თუ საქართველოს მოქალაქეებისთვის იღვწის და მათთვის შრომობს, მაშინ გაასაჯაროონ. ჩვენი მიზანია, რომ ის, რასაც ბოლო წლებში მივაღწიეთ და საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით დავიცვათ. „ქართულ ოცნებას“ ძალიან აწყობს თუ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლას შეუჩერებენ. ივანიშვილის ცნობილი ფრაზა ხომ გახსოვთ - „საზღვრები გაიხსნა, ხალხი დადის და ხედავენ ცხოვრება როგორია და მერე თვითონაც უნდებათ კარგი, ნორმალური ცხოვრებაო და მერე აქაც იმავეს მოგვთხოვენო“. თვითონ მზად არიან ყველაფერი გააკეთონ მოპარული ფულის დასაცავად - ერთმანეთს ესვრიან და ქუჩური სისხლიანი გარჩევები აქვთ. დღეს ჩვენ ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლება გვყავს, რომელიც წყალს ატანს ყველაფერს, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში გავაკეთეთ, რომ ევროპას დავახლოებოდით. ქვეყანას ბოლო 2 თვის განმავლობაში ფული ამოძრავებს. არარაობები, რომლებსაც ცხოვრებაში არაფერი არ შეუქმნიათ უცხოური ფონდებისგან ხელფასის მიღების გარდა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.