საია მიიჩნევს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ძალადობა შეიძლება გაუტოლდეს წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას, რაზეც პასუხისმგებელი სპეციალური პენიტენციური სამსახურია, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე განმარტებით, მომხდარზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფის მიერ დაწყებული/წარმოებული გამოძიება ვერ ჩაითვლება, როგორც დამოუკიდებელი ორგანოს მიერ წარმოებული, რითაც, ასევე ირღვევა ბრალდებულის პროცედურული უფლებები.
ამასთან, საია აღნიშნავს, რომ პრობლემურია მის მიმართ გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვის პრაქტიკა.
„საყურადღებოა, რომ დროში ემთხვევა ბრალდებულის მიმართ არასათანადო მოპყრობა პენიტენციურ დაწესებულებაში, ბრალდებულისთვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის შეზღუდვის მანკიერი პრაქტიკა, და, ამასთან, მის საქმეზე ახლო პერიოდში სხდომების გადადება/არ ჩატარება.
ზემოთ ხსენებული შემთხვევები გავლენას ახდენს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ სხვა პირთა მდგომარეობაზეც, არასათანადო მოპყრობის შიშსა და დაუცველობის განცდას უმძაფრებს როგორც დაწესებულებაში მოთავსებულ პირებს, ასევე მათ ოჯახის წევრებს.
საია მოუწოდებს: საქართველოს სახალხო დამცველს - მსჯავრდებულის უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით პენიტენციურ სამსახურში განახორციელოს რეგულარული ვიზიტები.
საქართველოს გენერალურ პროკურორს - სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაავალოს საქართველოს პროკურატურას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას გამოძიების შედეგების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პრინციპების დაცვით,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა. როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.