გადამდგარი ელჩის ინტერვიუს პრეზიდენტ ტრამპის მიერ პროპაგანდისტობაში მხილებული „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს - არც ერთი და არც მეორე ჩვენთვის საინტერესო არ არის! შეგახსენებთ, რომ თავის დროზე „რადიო თავისუფლება“ ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ შექმნა და ფარულად მისი ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
„პროპაგანდისტული მედია თავად ტრამპის მიერ არის მხილებული და დაფინანსებაშეწყვეტილი. მისი სურვილია, რომ „რადიო თავისუფლება“, როგორც პროპაგანდისტული ინსტრუმენტი, საერთოდ დაიხუროს. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე “რადიო თავისუფლება“ ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ შექმნა და ფარულად მისი ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. შემდეგ გარკვეული სხვა სქემები დალაგდა, თუმცა ეს არის ოფიციალურად პროპაგანდისტული მედია. მათი მხრიდან გავრცელებულ გადამდგარი ელჩის ინტერვიუზე ზედმეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ!
ჩვენს ორს შორის ვადამდე ვინ გადადგა, მგონი, ყველა ხედავს - ასე რომ, როგორც იტყვიან, ყველაფერი გასაგებია. გადამდგარი ელჩის განცხადებებზე რაიმე კომენტარის გაკეთება ჩვენი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა "რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა: „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა წერილი ტრამპის ადმინისტრაციისთვის, პირადი წერილი. ეს არ არის საჯარო წერილი, რომელიც, გულწრფელად გეტყვით, იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში. უკიდურესად ცუდად“.