საფრანგეთში 24 ოქტომბერს გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 1 000 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნესმა განაცხადა. მისი თქმით, დაკავებულთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
ამის შესახებ Reuters იუწყება.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით გამართულ აქციებში დაახლოებით 410 000 ადამიანი მონაწილეობდა, პროფკავშირების შეფასებით კი - 800 000-მდე. პარიზში პოლიციამ 110 000 დემონსტრანტი დათვალა, პროფკავშირებმა კი - 250 000.
აქციების მონაწილეები ცხოვრების გაძვირებას, განათლების სისტემის დაფინანსების პრობლემებსა და საჯარო სერვისების მდგომარეობას აპროტესტებდნენ. დემონსტრაციები ზედიზედ მეორე შაბათ-კვირას გაიმართა.
მიუხედავად იმისა, რომ მსვლელობების უმეტესობა მშვიდობიანად მიმდინარეობდა, დღის ბოლოს პარიზში, მარსელში, ლიონსა და სხვა ქალაქებში შეტაკებები დაიწყო. პოლიციის ცნობით, ზოგიერთმა დემონსტრანტმა სამართალდამცველებს სხვადასხვა საგანი და ფეიერვერკები ესროლა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. რამდენიმე ქალაქში დაფიქსირდა მაღაზიების ძარცვისა და ქონების დაზიანების შემთხვევებიც.
პარიზში პოლიციამ 3 000-ზე მეტი ადამიანი შეამოწმა. დედაქალაქში, აქციის დასრულების შემდეგ, 65 ადამიანი დააკავეს. ლიონში, სადაც დემონსტრაცია აკრძალული იყო, შეტაკებების შედეგად 36 ადამიანი დააკავეს, 22 კი დაშავდა, მათ შორის 18 სამართალდამცველი. შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა - ერთი ტულუზაში, მეორე კი კლერმონ-ფერანში.
საფრანგეთის ხელისუფლებამ შესაძლო არეულობის თავიდან ასაცილებლად ქვეყნის მასშტაბით 70 000 პოლიციელი და ჟანდარმი განალაგა - 10 000-ით მეტი, ვიდრე წინა შაბათ-კვირას, როდესაც საპროტესტო აქციებს თან ახლდა მასშტაბური არეულობა, მაღაზიების ძარცვა და შენობების დაზიანება.
შინაგან საქმეთა მინისტრის შეფასებით, ამჯერად მსვლელობებმა ძირითადად მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა დღის ბოლოს ძალადობრივი ჯგუფების მოქმედებამ ვითარება რამდენიმე ქალაქში გაამწვავა.