თუ დღევანდელი მოქმედი აეროპორტი გათვლილია 4 მლნ მგზავრზე, ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი მინიმუმ 18 მლნ მგზავრზე იქნება გათვლილი, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, წელს დაიწყება პარტნიორის შერჩევის პროცედურა.
„აეროპორტების ნაწილშიც დაწყებული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები. როგორც მოგეხსენებათ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის თაობაზე. თუ დღევანდელი მოქმედი აეროპორტი გათვლილია 4 მლნ მგზავრზე, ახალი აეროპორტი მინიმუმ 18 მლნ მგზავრზე იქნება გათვლილი. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. წელს დავიწყებთ პარტნიორის შერჩევის პროცედურას და მომავალ წელს უკვე გვეყოლება პარტნიორი კომპანია. 2031 წელს უკვე შევძლებთ აეროპორტის გადატანას ვაზიანში. შესაბამისად, ეს პროექტიც ხელს შეუწყობს, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებას და ტურიზმის განვითარებას. ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ამ პროექტის დროული განხორციელება და დასრულება. რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, დღეს, დაახლოებით, 2 მლნ მგზავრის გატარება შეუძლია ქუთაისის აეროპორტს და ჩვენი მიზანია, 5 მლნ-მდე ავწიოთ ეს მაჩვენებელი. ეს არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ხორციელდება, ინვესტიციაც არის უმსხვილესი, 350 მლნ ლარს მოიცავს. დავიწყეთ სრულია ახალი, 3.5 კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა. 11-დან 17-მდე გაიზრდება ხომალდების სადგომების რაოდენობა ქუთაისის აეროპორტში. შევძლებთ უფრო დიდი ზომის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდების მიღებას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. უნიკალურია თავისი შინაარსით ეს პროექტი, რომელიც ხორციელდება. წელს დაიწყება ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე მუშაობა. სრულიად ახალი ტერმინალი დაემატება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი მთლიანად ქვეყნისთვის, მაგრამ კონკრეტულად იმერეთის რეგიონის განვითარებაზე ძალიან დადებითად აისახება ამ პროექტის განხორციელება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.