სწორედ რადიკალური ოპოზიციის პატრონებმა გამოიყვანეს ოპოზიცია პარლამენტიდან და შეიყვანეს ციხეში, ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის პატრონებმა თავად უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც ხდება.
„პირველ რიგში, ყველას შეუძლია, გადახედოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების კანონმდებლობას, სადაც ხშირ შემთხვევაში კიდევ უფრო მკაცრი სანქციებია დადგენილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობისთვის. ეს ერთი; მეორე, როდესაც საუბარია უცხოელებზე, რომლებიც ახალისებდნენ პარლამენტის ლეგიტიმაციის არაღიარებას ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათ თავად უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც ხდება. რეალურად, ისინი არიან სწორედ ის სუბიექტები, რომლებმაც გამოიყვანეს რადიკალური ოპოზიცია პარლამენტიდან და შეიყვანეს ციხეში. ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია. ეს გააკეთეს სწორედ რადიკალური ოპოზიციის პატრონებმა. მათ გამოიყვანეს რადიკალური ოპოზიცია პარლამენტიდან და მათ შეიყვანეს ისინი ციხეებში. რატომ? იმიტომ, რომ ისინი მიზანმიმართულად ჩართეს რევოლუციურ პროცესებში, რომელიც სრული ფიასკოთი დასრულდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.