მივმართავ ბიძინა ივანიშვილს. შენ ხარ ამ ქვეყნის მტერი, შენ ხარ ადამიანი, რომელმაც ციხეში მე და სხვა კი არა, მთელი ქვეყანა გინდა ციხეში გამოკეტო, მაგრამ არ გაგივა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე მას შემდეგ განაცხადა, რაც სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, დამნაშავედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა.
"მარცხისთვის განწირულმა რეჟიმმა გამოიტანა გადაწყვეტილება. საზოგადოებას ვეუბნები, ჩემი პატიმრობა მართლა არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რა უსამართლობაც დღეს ქვეყანაში ხდება. ტოტალური უსამართლობა, ახალგაზრდა ადამიანები ციხეში, ქალები ციხეში, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ.
მერწმუნეთ, ეს გადაწყვეტილებაც, მე პირადად, ყველა ჩემს თანაგუნდელს, ყველას, ვინც აქ არის შეკრებილი კიდევ უფრო გვაძლიერებს და კიდევ უფრო გვაჩვენებს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. ძალიან ბევრმა პატრიოტმა ადამიანმა გაიარა იგივე გზა, რასაც ახლა გავდივარ მე, რასაც გადიან ჩემი მეგობრები, ვინც უკვე საპატიმრო დაწესებულებაში არიან, ის სინდისის პატიმრები, ვინც იქ არიან და დარწმუნებული ვარ გაცილებით მალე ვიზეიმებთ გამარჯვებას, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია.
მივმართავ ბიძინა ივანიშვილს. შენ ხარ ამ ქვეყნის მტერი, შენ ხარ ადამიანი, რომელმაც ციხეში მე და სხვა კი არა, მთელი ქვეყანა გინდა ციხეში გამოკეტო, მაგრამ არ გაგივა. იცოდე, რომ ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს. და შენ შენი კობახიძეებით და სხვა ადამიანებით ვერასდროს ჩვენ გატეხას ვერ შეძლებ. გგონია პატიმრობით შეგვაშინებ? შენი არავის არ ეშინია იმიტომ, რომ შენც, მთელი შენი გარემოცვა, თქვენ ხართ არარაობები, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ამოფარებული ხართ საპოლიციო რეჟიმს. ქუჩაში გასვლისაც გეშინიათ, ადამიანების თვალებში ჩახედვის გეშინიათ.
რა გააკეთეთ ამ ქვეყანაში? სად არის ჩვენი ევროპული პერსპექტივა? სად არის ჩვენი განვითარება? სადა არის საქართველო, რომელიც მაგალითი იყო რეფორმების? სად არის ინვესტიციები, რომლებიც ახლა ქვეყანაში უნდა შემოდიოდეს? რამდენი სამუშაო ადგილი შექმენით? ერთადერთი რასაც აკეთებთ, ციხეებს ავსებთ პოლიტიკური პატიმრებით, სინდისის პატიმრებით.
მინდა მივმართო საზოგადოებას. ერთადერთი გზავნილი მაქვს დღეს, მე სხვა გზავნილი არა მაქვს. ერთიანობა, ერთიანობა და კიდევ ერთხელ ერთიანობა. მხოლოდ ერთიანობით ჩვენ შეგვიძლია დავაჩქაროთ ეს გამარჯვება. გამარჯვებით აუცილებლად გავიმარჯვებთ, მაგრამ რაც უფრო მალე გავერთიანდებით, რაც უფრო მალე დავინახავთ, რომ ერთმანეთის გარეშე ჩვენ გაგვიჭირდება და ერთმანეთი გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლო გადავარჩინოთ, ჩვენ მალე მივაღწევთ გამარჯვებას. საქართველო არის ჩვენი სამშობლო, პატიმრობა არის დროებითი, სამშობლო, ადამიანობა, ღირსება, ოჯახი - ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებს.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. არანაირი აქ რამე განსაკუთრებული არ ხდება. მე წლების მანძილზე ყველანაირად ამისთვის მზად ვიყავი. ძალიან კარგად ვიცით რა ბრძოლაშიც ვართ. ვებრძვით ავტორიტარულ რეჟიმს, მაგრამ იცოდეთ, რომ როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში ყველა ავტორიტარი დამარცხდება და დემოკრატიული საზოგადოება, ის საზოგადოება, რომელსაც უნდა მშვიდობა, განვითარება, წინსვლა, რომელიც აფასებს ადამიანებს აუცილებლად გაიმარჯვებს. გეოპოლიტიკურად ბევრი რამე იცვლება, ჩვენ უნდა ვიყოთ მყარად და ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები.
ასევე მინდა მივმართო ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს და მეგობრებს. მეგობრებო, ხედავთ რა ხდება საქართველოში. საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს გახდეს ღირსეული ღირსეულთა შორის, იყოს თქვენ გვერდით, იყოს ევროკავშირის წევრი, ვიყოთ ცივილიზებული საზოგადოების ნაწილი. ჩვენ ჩვენი დღევანდელი ნაბიჯებით ვაჩვენებთ, რომ მზად ვართ ვიბრძოლოთ ბოლომდე, მაგრამ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, გვჭირდება კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები, რაც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე იქნება და ეს მშიშარა, მხდალი რეჟიმი აუცილებლად ჩამოშორდება ქვეყნის მართვას.
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა აბსოლუტურად ყველას, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და ვამბობ, მე ვარ ერთი იმ ათი ათასობით და ასი ათასობით ქართველს შორის, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, რომელიც იბრძვის საქართველოს მომავლისთვის. და გთხოვთ ერთადერთ რამეს - ერთიანობა, ერთიანობა და კიდევ ერთხელ ერთიანობა. ძალა ერთობაშია. ეს არის გამარჯვების ერთადერთი გზა, რომელიც შეიძლება იყოს. პროტესტი უნდა აუცილებლად გაგრძელდეს. მადლობა ყველას, ვინც რუსთაველის პროტესტზეა ყოველდღიურად, მოვუწოდებ სხვებსაც, რომ შუერთდით. ხან უფრო მასშტაბური იქნება, ხან მცირე რაოდენობის იქნება, მაგრამ ჩვენ ვერავინ ვერ გაგვტეხს, იმიტომ, რომ სიმართლე ჩვენთან არის და სამშობლო გვიხმობს. მადლობა კიდევ ერთხელ და წინ დიდი გამარჯვებისკენ. რეჟიმი არის სუსტი და იმიტომ იღებს ამ გადაწყვეტილებებს. რეჟიმი არის განწირული მარცხისთვის და ეს მარცხი ჩვენ ყველამ ერთად ჩვენი გამბედაობით, ჩვენი ბრძოლით აუცილებლად უნდა მოვიტანოთ", - განაცხადა ვაშაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
განაჩენის გამოცხადებას გიორგი ვაშაძე არ დასწრებია.
გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.