შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
შსს-ს ცნობით, გელა გელაძე პირველ მოადგილესთან, როლანდ მესხთან, მოადგილეებთან – ალექსანდრე დარახველიძესა და შალვა თადუმაძესთან ერთად მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა.
შინაგან საქმეთა მინისტრი მცხეთა-მთიანეთში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია. მინისტრმა დაცვის პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.
„გელა გელაძემ რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის, ასევე საპოლიციო პრევენციული ღონისძიებებისა და საგზაო მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დანაყოფების წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. ასევე, თანამშრომლებისგან სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მოისმინა და მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში წარმატება უსურვა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.