„ქართულმა ოცნებამ“ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაუქმების შესახებ საკანონმდებლო წინადადებით „ოცნების“ პარლამენტს მიმართა. ინფორმაციას ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ინიცირებული ცვლილების თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2025 წლის 1-ლი სექტემბრიდან გაუქმდება და მის უფლებამოსილებას, საპარლამენტო მმართველობის მოდელის შესაბამისად, "ოცნების" მთავრობა განახორციელებს.
პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებები „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შევა.
ცვლილებების თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის მიზნით, შეიქმნება სალიკვიდაციო კომისია, რომლის შემადგენლობას, საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის აქტივებს, მათ შორის, ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფის უფლებამოსილებას სალიკვიდაციო კომისია შესაბამის უწყებებს გადასცემს", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.