რუსეთი აგრძელებს უკრაინის დაბომბვას, რადგან ვლადიმირ პუტინი ხედავს, რომ მსოფლიოში ყველა არ გმობს ასეთ თავდასხმებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვისას განაცხადა.
„დღეს, სამაშველო და საგანგებო ოპერაციები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა ჩვენს სხვადასხვა რეგიონებსა და ქალაქებში. ტერნოპოლი, ლუცკი, კიევი და ოლქი [კიევის], პოლტავა, ხმელნიცკი, ლვოვი, ჩერნიჰივი, ოდესა, სუმის ოლქები. [...] ცინიკური რუსული თავდასხმა ჩვეულებრივ ქალაქებზე. 400-ზე მეტი დრონი, 40-ზე მეტი რაკეტა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოვაგდეთ. თუმცა არა ყველა“, - თქვა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ რუსული დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 80 დაშავდა.
„სამწუხაროდ, მსოფლიოში ყველა არ გმობს ასეთ თავდასხმებს. და სწორედ ამით სარგებლობს პუტინი. ის ბრძოლის გასაგრძელებლად დროს იგებს. რუსები გამუდმებით ცდილობენ მსოფლიოს გახლეჩვას, რათა ომის ზეწოლა არ გაიზარდოს. ნათლად უნდა დავინახოთ ამოცანა. დიპლომატია უნდა მუშაობდეს, უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს უზრუნველყოფილი, მშვიდობა უნდა დამყარდეს და ამისთვის საჭიროა საწყისი ნაბიჯები, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენ რუსეთზე ზეწოლა გვჭირდება, რათა ეს მოხდეს და შეჩერდეს დარტყმები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების იმ წარმომადგენლებს, „რომლებსაც ესმით, რა ხდება და როგორ შეიძლება ამ ომის ღირსეულად და საიმედოდ დასრულება“.