შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დამნაშავედ ცნო.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ვლადიმერ ხუნდაძეს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
პროკურატურის ინფორმაციით, ხუნდაძეს პირადი ნაცნობობა აკავშირებდა გორის საკრებულოს წევრ ბორის გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად გორში უცხოური ბრენდების სახელით ვისკისა და არყის უკანონო წარმოებასა და შენახვას ახორციელებდა.
უწყების განცხადებით, გოგიჩაიშვილმა ხუნდაძეს საქართველოში ალკოჰოლის დასამზადებლად საჭირო პროდუქციის შემოტანაში დახმარებისთვის მიმართა.
„ვლადიმერ ხუნდაძე ბორის გოგიჩაიშვილს მუდმივად აძლევდა მითითებებს პროდუქციის შემოტანისა და განბაჟების სათანადო დროის შესახებ“, - აცხადებს პროკურატურა.
გამოძიების თანახმად, ის ასევე უთითებდა, რა შინაარსით უნდა მომხდარიყო განბაჟება, რათა საბაჟო პროცედურებისას პრობლემა არ შექმნოდათ.
პროკურატურის ცნობით, ამის შედეგად 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში დაბრკოლების გარეშე შემოიტანეს სპეციალური მინის ბოთლები, ეტიკეტები, საცობები და სხვა პროდუქცია. უწყება ასევე აცხადებს, რომ ხუნდაძემ იცოდა უკანონო საქმიანობის შესახებ, თუმცა „მის მიერ არ მომხდარა შესაბამისი სამსახურებრივი რეაგირება და არც სხვა სახელმწიფო ორგანოებისთვის შეტყობინება მძიმე დანაშაულის შესახებ“.
ხუნდაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა 2025 წლის ოქტომბერში დაიწყო. თავდაპირველად ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მოგვიანებით კი სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც იმ პერიოდში ადვოკატის ინფორმაციით თურქეთში სამკურნალოდ იმყოფებოდა, საგამოძიებო ორგანოებს იანვარში ჩაბარდა.