დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა.
ცენტრის ახალი ხელმძღვანელი, თანამშრომლებს, ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა.
„როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ირაკლი ფურცელაძის პროფესიული გამოცდილება და მენეჯერული უნარ-ჩვევები ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
წარდგენის შემდეგ, მიხეილ სარჯველაძემ, ირაკლი ფურცელაძემ და ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დაათვალიერეს.
ირაკლი ფურცელაძეს, კერძო სექტორში, ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. 2002 წლიდან - 2024 წლამდე, ერთ-ერთ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიაში „ავერსი-ფარმა“, მუშაობდა, სხვადასხვა წამყვან მენეჯერულ პოზიციაზე. 2011-2023 წლებში იკავებდა ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობას.
ამავდროულად, 2016-2018 წლებში, იყო სადაზღვევო კომპანია „ალფას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე",- ნათქვამია ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თანამდებობა 2022 წლის 5 აგვისტოს დატოვა, ამ დრომდე კი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას პაატა იმნაძე ასრულებდა.