დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვა წარადგინა, რომელიც ქვეყნის შესაძლო ომისთვის მომზადებაზეა ორიენტირებული.
დოკუმენტი განსაზღვრავს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სტრატეგიის პრიორიტეტებს მომდევნო 10 წლის განმავლობაში. მთავარი მიზანია არმიისთვის ყველაფრით უზრუნველყოფა, რაც მას საფრთხეებთან საბრძოლველად და მაღალი ინტენსივობის ომის წარმოებისთვის სჭირდება.
“ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები და გამოვაცხადეთ თავდაცვის ხარჯების ყველაზე დიდი და მდგრადი ზრდა ცივი ომის დასრულების შემდეგ. 2027 წლისთვის მისი გაზრდა მშპ-ს 2.5%-მდე. მომავალ პარლამენტში 3%-ის მიღწევის ამბიციით, ეკონომიკური და ფინანსური პირობების გათვალისწინებით, - განაცხადა კირ სტარმერმა გლაზგოში, დიდი ბრიტანეთის „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის“ დოკუმენტის შესახებ.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი შესაძლო ომისთვის აქტიური მომზადებაზე გადადის.
„პირველ რიგში, ჩვენ მივდივართ შესაძლო ომისთვის აქტიური მომზადებისკენ - ეს ჩვენი შეიარაღებული ძალების ცენტრალური ამოცანა ხდება. იმ სიტუაციაში, როდესაც საფრთხეს ძლიერი სამხედრო პოტენციალის მქონე სახელმწიფოები წარმოადგენენ, ყველაზე ეფექტური შემაკავებელი ფაქტორი აგრესიის მოგერიების მზადყოფნა რჩება“, - განუცხადა მან
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა უფრო ქმედითი არმიის შექმნას გეგმავს. ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იქნება გაფართოებული სტრატეგიული რეზერვი - სრულად გაწვრთნილი და მობილიზაციისთვის მზადყოფნაში.
კირ სტარმერმა ასევე დაადასტურა, რომ დიდი ბრიტანეთი 15 მილიარდ ფუნტ სტერლინგს ჩადებს საკუთარ ბირთვულ ქობინების პროგრამაში, რათა უზრუნველყოს, რომ ბირთვული შემაკავებელი ძალა საიმედო და ეფექტური დარჩეს მომდევნო ათწლეულების განმავლობაში.
მეორეც, ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, გააძლიერებს ნატო-ს, რადგან ჩვენ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვიღებთ კოლექტიურ თავდაცვაზე. ნატო-ს ალიანსის მნიშვნელობა ღრმაა: ჩვენ არასდროს ვიბრძოლებთ მარტო. ეს ჩვენი სტრატეგიული ძალაუფლების წყაროა“, - ხაზგასმით აღნიშნა სტარმერმა.
ამით, სტარმერმა დაადასტურა, რომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის პოლიტიკა, როგორც ადრე, „ნატო უპირველეს ყოვლისა“ პრინციპზე იქნება აგებული.
რეფორმების მიზანია უზრუნველყოს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ალიანსში მისი დაარსების დღიდან ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.
„მესამეც, ჩვენ ინოვაციებს დავამკვიდრებთ და დავაჩქარებთ მას ომის დროინდელ ტემპამდე, რათა ვუპასუხოთ დღევანდელ და ხვალინდელ საფრთხეებს. ჩვენ ვიქნებით ნატო-ში ყველაზე სწრაფი ინოვატორი“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.