უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოპერაცია „ობობის ქსელმა“ აჩვენა, რომ უკრაინას შეუძლია მგრძნობიარე დარტყმების მიყენება და ეს აძლიერებს არა მხოლოდ მის თავდაცვას, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებასაც.
ზელენსკიმ ამის შესახებ ვილნიუსში განაცხადა, სადაც „ბუქარესტის ცხრიანის სამიტი მიმდინარეობს.
„იარაღის წარმოება მნიშვნელოვანი ფაქტორია. უკრაინის გაძლიერება ომის დასრულებისა და მისი გავრცელების თავიდან აცილების გზაა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
„ბუქარესტის ცხრიანის შეხვედრა რეგიონის ქვეყნების მიერაა ორგანიზებული, ნატო-ს სამიტამდე პოზიციების კოორდინაციის მიზნით, რომელიც 24-25 ივნისს ჰააგაში გაიმართება.
მოსალოდნელია, რომ ნატო-ს სამტზე უკრაინისთვის შემდგომი მხარდაჭერის საკითხი განიხილება.
„ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ რუსეთს არ აქვს ძალა, გავლენა მოახდინოს ალიანსსა და მის წევრებზე. ეს პრინციპი უცვლელი უნდა დარჩეს. ევროატლანტიკური უსაფრთხოება ევროატლანტიკური ქვეყნების საქმეა. პუტინმა გადაწყვიტა ევროპის წინააღმდეგ დადგეს, ამიტომ მას ჩვენი მომავლის გადაწყვეტაში ადგილი არ აქვს.
ივნისში ეს ნათლად უნდა ვაჩვენოთ, რადგან ევროპა საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავა“, - განაცხადა ზელენსკიმ ვილნიუსში.
„ბუქარესტის ცხრიანი“ 2015 წელს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიზნით შეიქმნა და მასში შედიან პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.