კვირას რუსეთის აეროდრომებზე დრონებით განხორციელებული თავდასხმების სერიის შემდეგ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპენ ბარტ ეიდემ განაცხადა, რომ უკრაინას თავდაცვის უფლება გააჩნია.
ეიდემ აღნიშნა, რომ 2022 წელს სრულმასშტაბიანი ომი სწორედ რუსეთმა დაიწყო და „უკრაინას, რა თქმა უნდა, აქვს სრული უფლება, დაარტყას სამხედრო სამიზნეებს მთელ რუსეთში“.
„აქ კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ უკრაინა იცავს საერთაშორისო სამართალს და იერიში მიაქვს შესაბამის სამხედრო სამიზნეებზე, მაშინ როცა რუსეთი უმეტესად თავს ესხმის უკრაინის ქალაქებს, აყენებს ზიანს და კლავს მშვიდობიან მოსახლეობას“, - დასძინა მინისტრმა.
ამასთან, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ნორვეგიასთან ახლოს მდებარე რუსულ ცალკეული სამიზნეებზე დარტყმების მიუხედავად, არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ მის უსაფრთხოებას რაიმე საფრთხე დაემუქროს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დღეს რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა. განადგურდა 41 ბომბდამშენი, მათ შორის A-50, Tu-95 და Tu-22 M3.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ხუთ სამხედრო აეროდრომზე უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
აღნიშნულია, რომ დარტყმები განხორციელდა მურმანსკის, ირკუტსკის, ივანოვოს, რიაზანისა და ამურის ოლქებში მდებარე აეროდრომებზე.