თავდაპირველად იქნა მიღებული გადაწყვეტილება ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნაზე და ამის შემდეგ მივიღეთ ცალსახა გადაწყვეტილება არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები და თანამშრომლობა საამიროებთან, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ყველა მიმართულებით ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
ირაკლი კობახიძის თქმით, საამიროების მიერ წარდგენილი კანდიდატურის მხარდაჭერის გადაწყვეტილება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რომ საამიროების მხრიდან 6 მლრდ დოლარის ინვესტიციის განხორციელება მოხდეს.
„ჯერ იქნა გადაწყვეტილება მიღებული ზურაბ პოლოლიკაშვილთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ მან, რატომღაც, გადაწყვიტა, თავზე გადახტომოდა სახელმწიფოს. შესაბამისად, თავდაპირველად იქნა მიღებული გადაწყვეტილება ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ჩვენ გვქონდა გუნდში მსჯელობა და მივიღეთ ცალსახა გადაწყვეტილება არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ამას აქვს ბევრი მიზეზი და ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები და თანამშრომლობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, რაც სხვადასხვა მიმართულებით არის გამოხატული. თქვენ იცით, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს, დაახლოებით 6 თვის წინ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში 6 მლრდ დოლარის ინვესტირებას, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები, რამდენიმე დღეში გაიხსნება მშრალი პორტი თბილისში, რომელიც არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი განხორციელებული ინვესტიცია. ეკონომიკური კუთხით, ტურიზმში, ყველა მიმართულებით, ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, მეგობრობა, თანამშრომლობა საამიროებთან და აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, იყო უალტერნატივო. მომავალშიც განვაგრძობთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.