უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ კრემლის მეთაურმა ვლადიმირ პუტინმა ლიდერობა უნდა გამოავლინოს და პირადად შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს მოლაპარაკებებისთვის.
მისი თქმით, ასეთი საქციელი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტების მიმართ პირად უპატივცემულობას აჩვენებს.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„მე ვფიქრობ, რომ კრემლის მეთაურმა უნდა გამოავლინოს თავისი ლიდერობა და თუ ის მზადაა მოლაპარაკებებისთვის, მაშინ ჩვენ უნდა შევხვდეთ ყოველგვარი პირობების გარეშე და ა.შ. მოდი, შევხვდეთ.
ახლა მე ანკარაში ვარ, ამის შემდეგ დელეგაციას სტამბოლში ვგზავნით. ის აქ არ არის, სტამბოლში არ არის. ჩვენ არ შეგვიძლია მთელ მსოფლიოში ვირბინოთ და ადამიანი ვეძებოთ... მიმაჩნია, რომ ახლა აშშ და თურქეთი რუსეთის მხრიდან უპატივცემულობას გრძნობენ.
არც შეხვედრის დრო, არც შეხვედრის დღის წესრიგი და არც დელეგაციის მაღალი დონე - ეს პირადი უპატივცემულობაა. მე არ ვამბობ, რომ „რუსები“ პატივს არ გვცემენ, ეს ისედაც გასაგებია, მაგრამ ჩვენთან ეს სარკისებურად აისახება... უპატივცემულობაა ერდოღანისადმი, ტრამპისადმი. ტრამპი ადამიანების დიდ ჯგუფს აგზავნის, სახელმწიფო მდივან რუბიოს. ვინ არიან ომის მხარეები? რუსეთი და უკრაინა.
სახელმწიფო მდივანი რუბიო - კი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - არის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - არის, სად არის რუსეთის ფედერაციიდან შესაბამისი პირი?
ეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ყველას, პირველ რიგში თურქეთის, უპატივცემულობაა, რადგან შეხვედრა აქ იმართება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე დასძინა, რომ უკრაინა პარტნიორებისგან სანქციებს ელის, თუ რუსეთი ომის დასრულებისკენ არ იმოძრავებს.