რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აშშ-ის სანქციების თავიდან აცილება სურდა, ამიტომ მან გადაწყვიტა პირდაპირ მოლაპარაკებებზე საუბრის დაწყება, რომელზე დასასწრებად ის თურქეთში არ ჩამოვიდა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ყველამ ისე მივიღეთ, თითქოს ის [პუტინი] პირდაპირ მოლაპარაკებებს გვთავაზობდა. რატომ შემოგვთავაზა მან პირდაპირი მოლაპარაკებები? რადგან მას არ სურდა ცეცხლის შეწყვეტა.მას შეუძლია არ შეგხვდეს, უბრალოდ თქვას: „ოკეი“, იქნება ცეცხლის შეწყვეტა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ასევე თქვა, რომ პუტინმა სწორედ ეს გააკეთა, როდესაც ყოველგვარი შეხვედრების გარეშე ეთერში „სააღდგომო ზავი“ გამოაცხადა.
მისი თქმით, უკრაინამ შემდეგ გადაწყვიტა სარკისებურად ემოქმედა, თუმცა რუსეთის ფედერაციამ თავად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
„მან თქვა, რომ ისინი უკრაინას თავს არ დაესხმებოდნენ. თუმცა ტყუილია. რადგან მათ მაინც შეგვიტიეს, თუმცა თავდასხმების რაოდენობა შემცირდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინს ახლა ასევე შეუძლია 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილების დემონსტრირება.
„მას შეუძლია დემონსტრირება მოახდინოს და პირდაპირ ეთერში თქვას: „ჩვენ მზად ვართ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის“. შეხვედრა საჭირო არ არის.“- აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, პუტინი ცდილობს წარმოაჩინოს ზავის სურვილი, რათა თავიდან აიცილოს შეერთებული შტატების მხრიდან სანქციები.
„ამერიკული მკაცრი სანქციების გადადების მიზნით, მას სურს აჩვენოს, რომ კონსტრუქციულია და მოლაპარაკებებისთვის მზადაა. თუმცა, თქვა, რომ პირდაპირი მოლაპარაკებებია საჭირო, რადგან ბევრი კითხვა არსებობს. ასე აღიქვა ყველამ და მე დავადასტურე, რომ მზად ვიყავი და პრეზიდენტმა ტრამპმაც თქვა, რომ მზად იყო. ჩვენ ეს არ შეგვითანხმებია. მან [ტრამპმა] თქვა, რომ თუ ქვეყნების ლიდერები იქ იქნებიან, მაშინ მეც იქ ვიქნები. ეს ნორმალურია, ეს დადებითია მთელი მსოფლიოსთვის",- აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, პუტინი თავად ლაპარაკობდა უკრაინის პრეზიდენტთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე, თუმცა თურქეთში არ ჩავიდა.