ჯო უილსონის წერილი ეუთო-სადმი არის ჩვეულებრივი საბჭოური მიდგომა, რაც არ შეშვენის აშშ-სა და ევროპას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ჯო უილსონის თანაავტორობით გაგზავნილ წერილს შეეხებოდა.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მიდგომები შეიცვლება და აღნიშნა, რომ, პირველ რიგში, სწორედ აშშ-ისა და ევროპისთვისაა მნიშვნელოვანი მსგავსი საბჭოური დამოკიდებულებების შეცვლა.
„ეს არის ჩვეულებრივი საბჭოური მიდგომა. ჯო უილსონს რომ შეხედო, ისიც ძალიან წააგავს თავისი ნატურით ცეკა-ს მდივანს. ეს არის ჩვეულებრივი საბჭოური მიდგომები, რაც არ შეშვენის აშშ-სა და ევროპას. ჩვენ სხვანაირ ევროპას ვიცნობდით ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს. სხვანაირ ამერიკის შეერთებულ შტატებს ვიცნობდით და არა ისეთს, როგორსაც განასახიერებს ჯო უილსონი. იმედია, ეს ყველაფერი შეიცვლება და ეს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია თვითონ აშშ-ისა და ევროპისთვის, რომ, ასეთი საბჭოური დამოკიდებულების ნაცვლად, დამკვიდრდეს ჯანსაღი დამოკიდებულებები“, – აღნიშნა პრემიერმა.