სასამართლო სისტემა ყველა მონაცემებით აჩვენებს, რომ მდგომარეობა ფუნდამენტურად გაუმჯობესებულია, ეს, პირველ რიგში, სასამართლო გადაწყვეტილებებში აისახება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, კონკრეტული პირები აბსოლუტურად დაუსაბუთებლად ითხოვენ სასამართლოში ისეთ ჩარევას.
„გამოიგონეს ახალი სისტემა, რომელიც ორ ქვეყანაში განახორციელეს და შედეგი ნულოვანია. „ვეტინგი“ ნიშნავს, რომ უცხოეთიდან ჩამოყვანილი ექსპერტი გადაწყვეტს, ვინ არის კეთილსინდისიერი და ვინ არ არის კეთილსინდისიერი. სასამართლოზე და საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მექანიზმები აამუშავეს და ქალაქში წარწერების გაკეთება დაიწყეს, რათა მოსახლეობაში რაღაცნაირად შექმნან განწყობა, თითქოს ისეთი მდგომარეობაა სასამართლოებში, რომ ხალხი გამოდის და ქუჩაში წერს რაღაცებს. ამას ორგანიზება უწევთ უცხოური დაფინანსების მქონე გარკვეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. საქართველოში ყველა და ყველაფერი გამჭვირვალეა, გარდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.