19 იანვარს გერმანიის ბუნდესტაგმა საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც გერმანიის მოქალაქეობის მოპოვებას აიოლებს.
კანონპროექტს მხარი 382-მა დეპუტატმა დაუჭირა, 234 წინააღმდეგი იყო, ხოლო 23-მა თავი შეიკავა.
გერმანიის მთავრობამ მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი ბუნდესტაგს 2023 წლის 1 ნოემბერს წარუდგინა.
ცვლილებების თანახმად, ადამიანს შეეძლება გერმანული მოქალაქეობის მიღება პირველ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე. უწინ გერმანიის მოქალაქეობის მისაღებად აუცილებელი პირობა იყო პირველი მოქალაქეობის დათმობა.
ცვლილებები უნდა ამოქმედდეს ოფიციალური გამოქვეყნებიდან სამი თვის შემდეგ - სავარაუდოდ 1 აპრილს.
დამტკიცებული კანონპროექტი მიზნად ისახავს გერმანიაში უცხოელების ნატურალიზაციის დაჩქარებას. ცვლილებების თანახმად, გერმანიის მოქალაქეობის მისაღებად საჭირო იქნება ქვეყანაში 5 წლის განმავლობაში ცხოვრება, აქამდე მოქმედი 8-ის ნაცვლად. ხოლო ინტეგრაციაში განსაკუთრებული წარმატებების შემთხვევაში, მაგალითად, გერმანული ენის კარგი ცოდნა, მოხალისეობრივ საქმიანობაში მონაწილეობა ან მაღალი კვალიფიკაცია, 3 წელიც საკმარისი იქნება.
გერმანიაში დაბადებული უცხოელების შვილები ავტომატურად მიიღებენ გერმანიის მოქალაქეობას. ამჟამად ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ ერთ-ერთი მშობელი რვა წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობს გერმანიაში.
მოქალაქეობის შესახებ კანონმდებლობის რეფორმით, გერმანიის ხელისუფლება აპირებს, ქვეყანა უფრო მიმზიდველი გახადოს კვალიფიციური სპეციალისტებისთვის.
მოქალაქეობის შესახებ კანონის შემოთავაზებულმა რეფორმამ ბუნდესტაგის კენჭისყრის წინ ოპოზიციის მწვავე კრიტიკა გამოიწვია.
"მთავრობა აპირებს გერმანიის მოქალაქეობის გაუფასურებას. ფაქტობრივად, ეს არის მოქალაქეობის გაუფასურების კანონი", - განაცხადა ალექსანდერ თრომმა, კონსერვატიული ბლოკის ფრაქციიდან.
მისი თქმით, სოციალ-დემოკრატების, მწვანეებისა და ლიბერალების მიერ დაწყებული რეფრომა სრულიად არასწორი მიმართულებით მიდის. „სანამ სხვა ქვეყნები, როგორიცაა საფრანგეთი, ამკაცრებენ ნატურალიზაციის წესებს, გერმანია ამსუბუქებს მოთხოვნებს“, - თქვა მან.