უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ მომავალი მთავრობა, რომელსაც პარტია „ტისა“ ჩამოაყალიბებს, პრესის თავისუფლების უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო რეფორმას მოამზადებს და გააუქმებს სახელმწიფო პროპაგანდის სისტემას.
ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ილაპარაკა.
მისი თქმით, „ტისა“, რომელმაც 12 აპრილის არჩევნებში გაიმარჯვა, გეგმავს მედიის სისტემის რეფორმას და სახელმწიფო პროპაგანდის მექანიზმების გაუქმებას უნგრეთში.
პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ მისი თქმით, მომავალში შეჩერდება პროპაგანდისტული ამბების გავრცელება, რადგან მათ, მისი შეფასებით, უნგრეთის საზოგადოებას დიდი ზიანი მიაყენეს.
„მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ ჩვენ შევაჩერებთ სახელმწიფო მედიის მუშაობას“, - განაცხადა პეტერ მაdიარმა.
მან აღნიშნა, რომ საზოგადოება იმსახურებს „ნამდვილ და ხარისხიან მედიას“.
მისი თქმით, ახალ მთავრობას დასჭირდება გარკვეული დრო მედიის ახალი კანონის მისაღებად და ასევე მედიის მართვის ახალი ორგანოს შესაქმნელად, თუმცა ეს აუცილებლად განხორციელდება.
მისი თქმით, სახელმწიფო მედია „ემსახურებოდა მთავრობის გიჟურ პოლიტიკას და ბავშვებსა და ხანდაზმულ ადამიანებს შიშს უნერგავდა“.
მადიარმა ასევე თქვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც, მისი თქმით, თავისუფალი ნებით არ მოქმედებდნენ და რომ ბევრს ემუქრებოდნენ ან აშანტაჟებდნენ.
მადიარმა საზოგადოებრივ მაუწყებელს „ტყუილების ფაბრიკა“ უწოდა. როდესაც ჟურნალისტმა სცადა შეწინააღმდეგებოდა, მადიარმა განაცხადა: „ის რაც აქ ხდებოდა, გებელსსა და ჩრდილოკორეელ დიქტატორსაც კი აიძულებდა თითების ლოკვას“.