შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იგნაციო კასისი მიიჩნევს, რომ ჩინეთი უნდა ჩაერთოს უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულებისკენ მიმართულ მცდელობებში.
ამის შესახებ მან დავოსის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. იუწყება Reuters
"ჩინეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები ამ საკითხზე ჩინეთთან თანამშრომლობისთვის. მშვიდობა უკიდურესად აუცილებელია უკრაინელი ხალხისთვის... ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ომი დასრულდეს”, - თქვა მან და დასძინა, რომ ჯერჯერობით რუსეთი და უკრაინა დათმობებზე წასვლას არ აპირებენ.
კასისმა აღნიშნა, რომ ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან დიალოგში არიან ჩართულნი - ბრაზილია, ინდოეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, მონაწილეობენ დავოსში დისკუსიებში და შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლის შესრულება.
"BRICS-ის გაერთიანების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ქვეყნებს აქვთ ურთიერთობა რუსეთთან... ამ ყველაფერს შეუძლია შექმნას ეს კოლექტიური მოძრაობა იმ ქვეყნების მოსაზიდად, რომლებიც შორს არიან კონფლიქტისგან, მაგრამ შეუძლიათ გარკვეული როლი შეასრულონ ჩინეთსა და რუსეთზე გავლენის მოსახდენად", - თქვა კასისმა.
ჩინეთი არ იყო წარმოდგენილი „მშვიდობის ფორმულის“ მრჩეველთა შეხვედრაზე, რომელიც დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წინ გაიმართა.
„მშვიდობის ფორმულის“ ოთხი შეხვედრიდან ჩინეთის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ერთ შეხვედრაში, რომელიც გასული წლის აგვისტოს დასაწყისში ჯიდაში გაიმართა. მაშინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ჩინეთის მონაწილეობას "სუპერგარღვევა" უწოდა.