შვედეთმა დაიწყო წყალქვეშა ნავების მშენებლობა ბალტიის ზღვაში პატრულირების მიზნით, რათა დაიცვას ნატოს აღმოსავლეთი საზღვრები რუსეთის მხრიდან შესაძლო საზღვაო ოპერაციებისგან, წერს Politico.
66-მეტრიანი დიზელ-ელექტრო A26 ტიპის წყალქვეშა ნავები, სახელწოდებით Blekinge და Skåne, 2027 და 2028 წლებში გაეშვება.
წყალქვეშა ნავების მშენებლობა შვედეთში არაერთხელ გადაიდო, თუმცა უკრაინაში რუსეთის მიერ ომის გაჩაღების შემდეგ, სტოკჰოლმმა გადაწყვიტა, შეეცვალა თავდაცვის სტრატეგია და განაახლა სამუშაოები.
ბალტიის ზღვა ითვლება რთულ საოპერაციო გარემოდ, რადგან მარილიანობის ცვალებადობა გავლენას ახდენს ჰიდროლოკატორის მუშაობაზე. ამასთან, ის არასაკმარისად ღრმაა და ხასიათდება ინტერნსიური მოძრაობით, რაც ზრდის შეჯახების რისკს.
Blekinge და Skåne იქნება შვედეთის მიერ აშენებული პირველი წყალქვეშა ნავები 1990-იანი წლების შუა პერიოდის შემდეგ, რომლებიც შეუერთდებიან სკანდინავიის სახელმწიფოს ფლოტის ოთხ ძველ გემს.
შვედეთის გარდა, წყალქვეშა ფლოტის განხლებას ესწრაფვიან ჩრდილოეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებიც. სულ ახლახან ნორვეგიამ შეუკვეთა ოთხი წყალქვეშა ნავის მშენებლობა გერმანულ კომპანიას. წყალქვეშა ნავების მშენებლობის საკითხს აქტიურად განიხილავენ ნიდერლანდები და დანია.
ამავდროულად, ფლოტის განახლებას განარგრძობენ ევროპის უდიდესი ქვეყნები, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და დიდი ბრიტანეთი.
ევროპული ფლოტის განახლება მიმდინარეობს რუსეთის მიერ წყალქვეშა ნავების მშენებლობის დემონსტრირები ფონზე. დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მონაწილეობას იღებდა საზღვაო დროშების აღმართვის ცერემონიაში ატომურ წყალქვეშა ნავებზე „კრასნოიარსკი“ და „ალექსანდრე III”.
შვედეთის თავდაცვის კვლევითი სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 2030 წლისთვის რუსეთს 50 წყალქვეშა ნავი ეყოლება. რაც შეეხება ამერიკულ წყალქვეშა ფლოტს, ის 57 ერთეულამდე შემცირდება, მაგრამ ახალი ვირჯინიის კლასის წყალქვეშა ნავების შემდგომი დანერგვა შეინარჩუნებს და კიდევ გაზრდის აშშ-ს ტექნოლოგიურ უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში.
იანვრის დასაწყისში შვედეთის მთავრობამ და მისი არმიის მეთაურმა მოქალაქეებს მოუწოდეს მოემზადონ შესაძლო ომისთვის.
სკანდინავიურმა ქვეყანამ 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ აღადგინა გაწვევა და ბალტიის ზღვის კუნძულ გოთლანდის რემილიტარიზაცია მოახდინა.
2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე, შვედეთმა გაზარდა თავდაცვის ხარჯები 30%-ით და ნატოში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა.