უკრაინისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს, სადაც სამხედრო დახმარებასა და თანამშრომლობაზე იმსჯელეს. ასევე ისაუბრეს ევროკავშირსა და ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებასა და რუსეთის პასუგისგებაში მიცემაზე.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მხარეებმა განიხილეს უკრაინის ცის დაცვისთვის რაკეტების, სისტემებისა და დრონების გადაცემის საკითხი, ასევე განიხილეს ორმხრივი თავდაცვითი თანამშრომლობის საკითხი.
„დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ ჩვენი თავდაცვითი კომპანიებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების შექმნაზე. უპირველესად იურიდიულ სფეროში, რათა მათ შორის ურთიერთობის სამართლებრივი და ფინანსური პირობები იყოს მაქსიმალურად ხელსაყრელი და შეძლონ რაც შეიძლება მეტი იარაღის წარმოება“, - აღნიშნა კულებამ.
მოლაპარაკების კიდევ ერთი თემა იყო ევროკავშირსა და ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი.
კულებამ განაცხადა, რომ ფრანგ კოლეგასთან კოორდინირებულია პოზიციები ვაშინგტონში ალიანსის სამიტზე, ასევე შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს არა მხოლოდ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას, არამედ ამ გზაზე კონკრეტული ვადების დაცვას“, - აღნიშნა კულებამ.
კულებასა და სეჟურნეს შორის მოლაპარაკების სხვა თემებს შორის იყო რუსეთის გაყინული აქტივების და რუსეთის აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის საკითხები.