რუსეთის ელჩი ალექსეი მეშკოვი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოსკოვის მიერ ევროპელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო დაიბარეს.
"მტკიცედ ვგმობთ ზომებს, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ 30 აპრილს დააწესა ევროპელი მაღალჩინოსნების მიმართ", - განუცხადა რუს დიპლომატს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ეს ზომები დაძაბულობას ვერ შეამცირებს და პარიზს აქვს მოლოდინი, რომ მოსკოვი პასუხისმგებლობით მოეკიდება სიტუაციის გაუმჯობესების საკითხს.
მანამდე, რუსეთის ელჩი დაიბარა ევროკავშირმაც, რათა მისთვის გადაეცა ბრიუსელის მკაცრი პროტესტი ევროკავშირის ლიდერების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რვა ევროპელ მაღალჩინოსანს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მათ შორის ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლის და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ვერა იუროვას.