"ამნესტი ინთერნეშენალი" და ომეგას კვლევითი ფონდი საქართველოს გერმანიიდან და ჩეხეთიდან "წამების იარაღების" შეძენაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ აღნიშნული ფონდების ახალ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 16 მარტს გავრცელდა.
"2006 წლიდან 2009 წლამდე ჩეხეთმა გასცა ლიცენზია იარაღი მიეყიდათ 6 ქვეყნისთვის - ბულგარეთისთვის, რუმინეთისთვის, მექსიკისთვის, აშშ-ისთვის, მონღოლეთისთვის და საქართველოსთვის. საუბარია ბორკილებზე, ელექტროშოკის იარაღებსა და ქიმიურ შესასხურებლებზე; ამ ქვეყნებში პოლიცია და უშიშროების სამსახურები ადრე იყენებდნენ მსგავს იარაღს წამებისა და სასტიკი მოპყრობის დროს", - ნათქვამია ანგარიშში.
"ამნესტი ინთერნეშენალისა" და ომეგას კვლევითი ფონდის შეფასებით, მთლიანად ევროპული ქვეყნები იღებენ მონაწილეობას ისეთი აღჭურვილობის გლობალურ ვაჭრობაში, რომელსაც ფართოდ იყენებენ წამების ან სხვა სასტიკი მოპყრობის დროს;
ანგარიშის თანახმად, მსგავსი საქმიანობები გრძელდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ 2006 წელს ევროპის მასშტაბით მიიღეს კანონი, რითაც აიკრძალა საერთაშორისო მასშტაბით წამებისა და სასტიკი მოპყრობისთვის განკუთვნილი პოლიციური და უსაფრთხოების აღჭურვილობით ვაჭრობა.
ანგარიშს ფორმალურად განიხილავენ ევროპის პარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის შეხვედრაზე ბრიუსელში.
"ამნესტი ინთერნეშენალი" და ომეგას კვლევითი ფონდი მოუწოდებენ ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, გამოასწორონ საკანონმდებლო ხარვეზები, რაც ანგარიშშია განხილული. ასევე, მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ადეკვატურად განახორციელონ და აამუშაონ კანონი.
"ევროპული კონტროლის დანერგვა წამების იარაღის ვაჭრობაზე, ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების კამპანიის შემდეგ კანონმდებლობის ამოსავალი ნაწილი იყო. მაგრამ ამ კონტროლის ამოქმედებიდან სამი წლის შემდეგ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ ვერ შეძლო კანონის ნორმალურად განხორციელება", - განაცხადა ამნესტი ინთერნეშენალის ევროკავშირის ოფისის ხელმძღვანელმა ნიკოლას ბეგერმა.
"ჩვენი კვლევა ცხადყოფს, რომ მიუხედავად ახალი კონტროლის მექანიზმებისა, რამდენიმე წევრი სახელმწიფო, მათ შორის - გერმანია და ჩეხეთის რესპუბლიკა, 2006 წლის შემდეგაც ყიდის პოლიციურ იარაღებს და ბორკილებს სულ ცოტა ცხრა ქვეყანაში, სადაც ამნესტი ინთერნეშენლმა დაადგინა ამ იარაღების წამების დროს გამოყენების ფაქტები. მეტიც, მხოლოდ შვიდმა ქვეყანამ შეასრულა ვალდებულებები კანონის წინაშე და საჯაროდ გააკეთა მოხსენება კანონის შესაბამისად განხორციელებული ექსპორტის შესახებ. ვშიშობთ, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა არ ასრულებს თავის ვალდებულებებს კანონიერად", - განაცხადა ამნესტი ინთერნეშენალის სამხედრო უსაფრთხოებისა და პოლიციის მენეჯერმა ბრაიან ვუდმა.
"სიტყვიდან საქმედ უნდა იქცეს წევრი სახელმწიფოების მტკიცე გადაწყვეტილება, შეწყვიტონ წამება ყველაგან, სადაც ის ხდება. მათ ეფექტური კონტროლი უნდა დაამყარონ პოლიციური და უშიშროების აღჭურვილობით ევროპულ ვაჭრობაზე და უზრუნველყონ, რომ მსგავსი საქონელი არ გახდეს წამების იარაღი", - განაცხადა კვლევის ფონდის მკვლევარმა მაიკლ კროულიმ.