საქართველოს ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძის შეფასებით, თურქეთის მხრიდან სატრანზიტო ფასების გაზრდას სხვა სატრანსპორტო საშუალების განვითარება მოჰყვება.
"ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება ტრანზიტზე ფასები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე განსაზღვროს. თურქეთის მხრიდან ტრანზიტზე ფასების აწევა ავტომატურ რეჟიმში ბიზნესის გაჩერებას არ ნიშნავს. ჩვენ გამოსავლს სხვა სატრანსპორტო საშუალების განვითარებაში ვხედავთ, თუნდაც რუმინეთსა და ბელგიასთან საბორნე გადაზიდვების განვითარებას", - განაცხადა ბარამიძემ.
მივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს განაგრძობს.
1-ლი მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში ტრანზიტული გავლისთვის საფასურის გადახდა მოუწევთ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის გიორგი ტაბატაძის განცხადებით, თურქეთის ტერიტორიაზე ტრანზიტული გავლისთვის დაწესებული საფასურის გადახდას დაექვემდებარება დროებითი ან უცხოური სანომრე ნიშნებისა და დახურული ძარის მქონე ყველა ის ავტოსატრანსპორტო საშუალება, განურჩევლად წონისა, რომლითაც შესაძლებელია ტვირთის ტრანსპორტორება.
მისი განმარტებით, დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის სატრანზიტო გავლის საფასური 1 200 ევროს, ცარიელი ავტომანქანებისთვის კი 600 ევროს შეადგენს.