დღეიდან, 28-29 ნოემბერს ლიტვაში ,,აღმოსავლეთის პარტნიორობის" სამიტი გაიმართება. ,,აღმოსავლეთ პარტნიორობა", როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპულ მეზობელ ქვეყნებთან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) თანამშრომლობის ფორმატი, წარმოადგენს შვედეთისა და პოლონეთის ინიციატივას.
მისი მთავარი მიზანია, ევროპელ პარტნიორებთან მიმართებაში, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის (ENP) განხორციელების ხელშეწყობა და მისი აღმოსავლეთ განზომილების გაძლიერება. აღსანიშნავია, რომ მოცემული ინიციატივა ამ ქვეყნებს, ევროკავშირთან მნიშვნელოვნად დაახლოების მიზნით, კონკრეტულ მექანიზმებს სთავაზობს და ახალ შესაძლებლობებს უხსნის.
2008 წლის 3 დეკემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა კომუნიკაცია `აღმოსავლეთ პარტნიორობის" შესახებ, რომელიც ევროპული საბჭოს სხდომაზე 2009 წლის 19 მარტს დამტკიცდა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მიმდინარეობს. ორმხრივი ფორმატი, ევროკავშირისა და კონკრეტული პარტნიორი ქვეყნის თანამშრომლობის წარმართვასა და არსებული პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებას ემსახურება. მრავალმხრივ ფორმატში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მონაწილე ქვეყნები, ძირითადად, ოთხი თემატური პლატფორმის ფარგლებში თანამშრომლობენ: 1_„დემოკრატია, ეფექტური მმართველობა და სტაბილურობა"; 2_„ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება"; 3_ „ენერგოუსაფრთხოება"; 4_ „ხალხთა შორის კონტაქტები" „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში ტარდება ყოველწლიური მინისტერიალი, ევროკავშირის წევრი და აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით. სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურთა დონის სამიტი კი, ორ წელიწადში ერთხელ იმართება ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის დედაქალაქში.
2009 წლის 7 მაისს, ჩეხეთმა, როგორც ევროკავშირის იმჟამინდელმა თავმდჯომარე ქვეყანამ, ქ. პრაღაში, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პირველ სამიტს უმასპინძლა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის" მეორე სამიტი გაიმართა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, 2011 წლის 29-30 სექტემბერს.
2012 წლის 15 მაისს ევროკავშირმა გამოაქვეყნა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგზაო რუკა. საგზაო რუკა შემუშავდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებით და წარმოადგენდა ინიციატივის განხორციელების თვალსაზრისით სახელმძღვანელო დოკუმენტს ვილნიუსის სამიტამდე. საგზაო რუკა ასევე, პრაქტიკული ინსტრუმენტია „აღმოსავლეთ პარტნიორობის" განხორციელების მონიტორინგისა და მიღწეული პროგრესის შეფასებისათვის.
2013 წლის 28-29 ნოემბერს, კი ლიტვის დედაქალაქი ვილნიუსი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მესამე სამიტს უმასპინძლებს.