საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია, დეკლარაცია, რომელიც ვილნიუსის სამიტზე უნდა შემუშავდეს საქართველოსთვის აუცილებელი მესიჯები მოხვდეს.
ფანჯიკიძემ ამ ეტაპზე დეკლარაციის ტექსტზე კომენტირებისგან თავი შეკავა, რადგან საბოლოდ ტექსტზე მუშაობა არ დასრულებულა.
,,ის დოკუმენტი რომელსაც რადიო ,,თავისუფლება" ეყრდნობა როდესაც ამბობს დეკლარაციაში 49-ე მუხლის ხსენება დაგეგმილი იყო და შემდეგ ამოიღეს სრულიად ბუნდოვანებითაა მოცული. დეკლარაციაზე საუბარი და მისი პუნქტების ჩვენება ყველასთვის კატეგორიულად მიუღებელია იქამდე სანამ არ მოხდება დეკლარაციის გამოცხადება. შესაბამისად თუ რადიო ,,თავისუფლების" ჟურნალისტს ვინმემ დეკლარაციის რაიმე პუნქტი აჩვენა, ეს აბსოლუტურად დაუშვებელია და, მით უმეტეს, დაუშვებელია მასზე კომენტირება. აქედან გამომდინარე, თავს შევიკავებ დეკლარაციის კომენტირებისგან. დეკლარაციას ევროკავშირთან ერთად აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი ქვეყნები ამუშავებენ, მასზე კონსულტაციები გუშინაც გვაქონდა. დეკლარაცია არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტი და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იქ შევიდეს ის მესიჯები რომელიც გვინდა რომ გაჟღერდეს", _განაცხადა ფანჯიკიძემ.
ფანჯიკიძის განმარტებით, ვილნიუსის სამიტზე შესამუშავებელ დეკლარაციზაე მუშაობა ბოლო წუთამდე გაგრძელდება. ჟურნალისტის შეკითხვას შესაძლებელია თუ არა დეკლარაციაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებთან დაკავშირებით რაიმე სახის ჩანაწერი გაკეთდეს მინისტრი პასუხობს:
,,როგორც გითხარით დეკლარაციის პროექტს ხელი უნდა მოაწეროს ევროკავშირმა და აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ექვსმა ქვეყანამ. მიუხედავად იმისა ეს ქვეყნები ახდენენ თუ არა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას, ან ხელმოწერას. შესაბამისად ეს არის ტექსტი რომელსაც შვიდი მხარე ერთმანეთთან ათანხმებს. დეკლარაციაზე მუშაობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს და ალბათ, ხვალაც გაგრძელდება. ყველა ქვეყანა ცდილობს დეკლარაციაში მისთვის სასურველი მესიჯები მოხვდეს. საქართველო ისევე როგორც სხვა ქვეყნები ცდილობს, მნიშვნელოვანი მესიჯები მოხვდეს ამ დეკლარაციაში", _განაცხადა ჟურნალისტებთან ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ რადიო ,,თავისუფლების" ინფორმაციით, დეკლარაციის უწინდელ პროექტებში ნათქვამი იყო, რომ აღმოსავლელ პარტნიორ ქვეყნებს შეეძლოთ გაეგრძელებინათ „ევროპისკენ სწრაფვა, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად". მაგრამ პროექტის ბოლო ვარიანტში, რომელსაც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გაეცნო, ეს მუხლი საერთოდ არ არის ნახსენები. ,,თავისუფლების" ინფორმაციით, ამის ნაცვლად, ახალ ვარიანტში ვკითხულობთ, რომ „ვილნიუსის სამიტის მონაწილეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ აღიარებენ ზოგიერთი პარტნიორის ევროპულ მისწრაფებებს და ევროპულ არჩევანს, ისევე როგორც მათ მტკიცე პოზიციას, ააშენონ ღრმა და მდგრადი დემოკრატია".