სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი" საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი და გაეროს განვითარების პროგრამა გამართავენ დისკუსიას თემაზე: „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალურ-ეკონომიკური და უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში: არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები" .
დისკუსიის ფარგლებში გაიმართება გაეროს განვითარების პროგრამის მიერ განხორციელებული კვლევის „ეკონომიკური და სოციალური მოწყვლადობა საქართველოში" იმ შედეგების პრეზენტაცია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ეხება. დისკუსიაზე ასევე წარმოდგენილი იქნება სახალხო დამცველის მიერ მომზადებული ანგარიშები: „ინფორმაციის თავისუფლება და ხელმისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის" და „სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით". ანგარიშები გამოცემულია გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ მთავრობის, პარლამენტის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები