გია გაჩეჩილაძე: წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოჰყვეს ენგურის სარკის ზედაპირის ფართობის 17.5 კვარდატულ კილომეტრამდე გაზრდას
"მწვანეთა პარტიის" ლიდერი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე მდინარე ენგურზე ხუდონჰესის მასშტაბური პროექტის მშენებლობას საფრთხისშემცველად მიიჩნევს და განმარტავს, რომ აღნიშნული პროექტის მომხრეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტები სუსტი და არადამაჯერებელია.
როგორც გაჩეჩილაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განმარტა, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით "მწვანეთა პარტია" იგივე პოზიციაზე რჩება, რაც 80-იანი წლების ბოლოს ჰქონდა.
"ჩვენი პარტია არ იცვლის პოზიციას განა იმიტომ, რომ რაღაც გვაქვს აჩემებული, უბრალოდ იმდენად სუსტი არგუმენტებია ხუდონჰესის მშენებლობის მომხრეების მხრიდან, რომ ვერ ასაბუთებენ მისი განხორციელების აუცილებლობას ვერც ენერგეტიკული, ვერც ეკოლოგიური, ვერც სოციალური და ვერც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით,"- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
დეპუტატის თქმით, პირველი, რაც გარემო პირობებზე ენგურჰესის გავლენის შესწავლის მაგალითზე შესწავლილი და დადგენილია, არის ის, რომ რომ ენგურჰესის გარშემო რამდენიმე კილომეტრის რადიუსზე ნალექების რაოდენობა, ტენიანობა და საშუალო ტემპერატურები გაიზარდა.
"ეს ყველაფერი დისკომფორტს უქმნის როგორც მოსახლეობას, ასევე ტრადიციულ სოფლის მეურნეობას, რომელც სვანეთის ტერიტორიაზეა. ენგურის სარკის ზედაპირის ფართობი გახლავთ დაახლოებით 12.5 კვარდატულ კილომეტრი, ამას თუ კიდევ დაემატა 5 კვარდატული კილომეტრი ფართობი, როგორც აპირებენ ამ ჰესის მშენებლობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა ეს პროცესები უფრო გართულდება,"- აღნიშნა გაჩეჩილაძემ.
"მწავნეთა პარტიის" ლიდერის თქმით, ამხელა რაოდენობის წყლის მასის დაგროვება ძალიან ააქტიურებს სეისმურ პროცესებსაც და ეს მთელ მსოფლიოში დადგენილი ფაქტია.
"ჩვენ ისედაც სეისმურად აქტიურ ზონაში ვიმყოფებით და ისედაც 9 ბალიანი მიწისძვრების ზონაშია დადგეგმილი ხუდონჰესის მშენებლობა. ესეც საფრთხის შემცველია. გარდა ამისა, ტენიანობის ზრდა ძალიან ააქტიურებს მეწყერების წარმოშობის ინტენსივობას, ეროზიულ პროცესებს და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ნადგურდება დიდი რაოდენობის ტყის მასივები, რომლებიც უნდა დაიტბოროს. აქ წმინდა ეკოლოგიურ საკითხებზეა საუბარი. ამას თან ერთვის სერიოზული სოციალური პრობლემები, მოსახლეობის გასახლება იქიდან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, რადგან იქ იტბორება 12-ე საუკუნის ეკლესია, არის საფლავებიც,"- დასძინა დეპუტატმა.
გია გაჩეჩილაძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ხუდონჰესის კონსტრუქციის დაზიანების შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ 200 მეტრიანი კაშხლის გარღვევის შედეგად გადავარდნილი წყლის სიმძლავრემ შესაძლოა, სერიოზული საფრთხე შეუქმნას მთლიანად მდინარე ენგურის ხეობის მიმდებარე დასახლებებს.
"წარმოიგინეთ, დაგეგმილია 200 მეტრის სიმაღლის კაშხლის აშენება და რა შეიძლება მოხდეს მისი დარღვევის შემთხვევაში...ენგურის ხეობას მთლიანად ქვევით საფრთხე შეექმნება,"- განაცხადა გაჩეჩილაძემ.
გია გაჩეჩილაძე ხუდონჰესის მშენებლობას სვანეთის ზამთრის კურორტებისთვის საფრთხისშემცველად მიიჩნევს და განმარტავს, რომ კლიმატის შესაძლო ცვლილება გარდაუვლად აისახება რეგიონის ზამთრის ტურიზმის განვითარებაზე.
"გარემო ნალექის რაოდენობა იზრდება, საშუალო ტემპერატურა იზრდება, რაც თავისთავად ცვლის კლიმატურ პირობებს და ბუნებრივია, შესაძლებელია სვანეთის ზამთრის კურორტებსაც პრობლემები შეექმნას და ზამთრის ტურიზმის განვითარებას ხელი შეუშალოს. საერთოდ, ცნობილია, რომ სვანეთი ადვილად მოწყლადია ამ თვალსაზრისით და ძალიან მცირე ცვლილებების პირობებშიც შეიძლება სერიოზული პრობლემები შეიქმნას. ენერგეტიკული საკითხების აუცილებლობას ვერავინ ვერ გვისაბუთებს, თუ რატომ უნდა გავაკეთოთ ჩვენ ეს ამბავი,"- განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გია გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხუდონჰესის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრებს სვანეთის მოსახლეობა, ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები დაესწრნენ.
აღნიშნული ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ხუდონჰესის მშენებლობა საფრთხეს შეუქმნის მთლიანად სვანეთის რეგიონს, რადგან ადგილი სეისმურად აქტიური ზონაა და ნაგებობის დაზიანების შემთხვევაში, ეკოლოგიური კატასტროფს რისკი არსებობს. ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები კი, განმარტავენ, რომ ხუდონჰესის პროექტირებისას გათვალისწინებულია, რომ ნაგებობამ 9 ბალიან მიწისძვრას გაუძლოს.
გაუძლოს.