"იმედია, არც ისე ძალიან აქვს დაჩლუნგებული პოლიტიკური მეხსიერების უჯრედები ჩვენს ხალხს, როგორც ეს ამ არსებას (მამალაძეს) ჰგონია,"-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „რესბუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძის ბრალდებების საპასუხოდ ისაუბრა.
„როგორ ფიქრობთ, უნდა გავბრაზდე, ლევან მამალაძე თითს თუ გამოიშვერს?! ესე იგი, მწარედ ახსოვს, სასამართლო რომ მოვუგე და მანდატის გარეშე დარჩა! ოღონდ ის დაავიწყდა, ბოლნისში ჩვენს დამკვირვებლებს იარაღით რომ "აცილებდნენ" უბნებიდან. იმედია, არც ისე ძალიან აქვს დაჩლუნგებული პოლიტიკური მეხსიერების უჯრედები ჩვენს ხალხს, როგორც ეს ამ არსებას ჰგონია. ისე, მინდა დავუდასტურო, რომ რომ არა მე, ის დეპუტატადაც დარჩებოდა და შეიძლება, „ნაცმოძრაობის" ლიდერობისთვისაც გამოეკრა ხელი, როგორც ბევრმა სხვა მაჟორიტარმა მაშინ 2004 წლის პარლამენტში გადახტომის სანაცვლოდ",- ნათქვამია თინა ხიდაშელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძის განცხადებით, მან პროკურატურას მისი საქმის გამოძიების თხოვნით მიმართა, თუმცა „საგამოძიებო ორგანომ ეს საქმე თავიდან მოიშორა, ისევე, როგორც ბევრი სხვა პოლიტდევნილის".
"ჩვენ ერთი გუნდი ვიყავით, სააკაშვილი იყო "მოქალაქეთა კავშირის" ფრაქციის თავმჯდომარე. ჟვანიამ მოიყვანა და დასვა პარლამენტში და ის ყოველთვის ხედავდა ჩვნს გუნდში და პირად მოწინააღმდეგედ და კონკურენტად აღმოქვამდა. ჩემს წინააღმდეგ მთელი პროპაგანდა დაგეგმეს. სააკაშვილი მე და ჩემმა გუნდმა კორუფციულ რაღაცეებში ვამხილეთ. ამოცანა ჰქონდათ, რომ გავენადგურებინეთ და გავცალე იქაურობას. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, საკმაოდ უცნაური და გაუგებარი ვითარება ჩამოყალიბდა. მარტო ჩემი კი არა, საზოგადოების მოლოდინი იყო, რომ სამართლიანობის აღდეგნა დაიწყებოდა. სამართლებრივი კუთხით ბევრი რამ არ გაკეთდა. რატომ ხდება სამართლიანობის აღდგენა ნაწილობრივ?! რატომ ამომიღეს პოლიტდევნილთა სიიდან, გაუგებარია. ყველანაირი საფუძვლის გარეშე მოხდა ეს. „ოცნების" გუნდშიც დღემდე რჩებიან ადამიანები, ჩემი მოწინააღმდეგეები, რომელთაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანეს და ეს ჯგუფი მე მეწინააღმდეგებოდა, ანუ ჩემს წინააღმდეგ გამოდიოდა. ანუ, იმ მოსაზრებებს, რასაც მიხეილ სააკაშვილი ავრცელბდა, ისინი დღესაც ამ გავლენის ქვეშ არიან. პირველ რიგში, მე რა თქმა უნდა ვიტყვი, რომ ესენი არიან „რესპუბლიკური პარტიის" ზოგიერთი წევრი",- განაცხადა მამალაძემ TV 3-ის ეთერში სტუმრობისას.