"ნატო არ არის ერთადერთი უალტერნატივო გზა საქართველოს სიკეთისკენ,"- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლსობის წევრმა, "მრეწველთა პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი თოფაძემ საქართველოში ახლადდაბრუნებული მისი თანაგუნდელის ლევან პირველის მიერ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.
როგორც თოფაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც გააჟღერა, რომ არ არის გამორიცხული, ევრაზიული სივრცე უფრო მისაღები იქნეს საქართველოსთვის და ეს არის ნებისმიერი ქართველი პატრიოტის აზრი.
"ჯერ ეგ ერთი, ბიძინა ივანიშვილმა, ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა იგივე გააჟღერა, რომ არ არის გამორიცხული, რომ ევრაზიული სივრცე, რომელიც უფრო მისაღები იქნება საქართველოსთვის, ის გამოვიყენოთ. ეს არის ნებისმიერი ქართველის, პატრიოტის, ვინც ფიქრობს თავის ქვეყანაზე, იმის აზრი. მეც იგივეს ვლაპარაკობ, არ არის უალტერნატივო ნატო. რაც შეეხება ჩემს პირად აზრს, ნატო არ არის ერთადერთი უალტერნატივო გზა საქართველოს სიკეთისკენ. მეტი აღარ მინდა ლაპარაკი,"- განაცხადა გოგი თოფაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ახლადდაბრუნებულმა "მრეწველების" წევრმა ლევან პირველმა TV-3-ის ეთერში განაცხადა, რომ "საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ არაერთხელ ღიად დაფიქსირებული დასავლური ორინტაციის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიუხედავად, მის კოალიციაში შემავალი "მრეწველები" ნატო-ს წინააღმედნი არიან და ასეთი პარტია მიიღო ამ კოალიციამ".
"ბატონი გოგი და ზურაბ ტყემალაძე ყოველთვის ჩამოდიოდნენ ჩემთან ავსტრიაში. თავიდანვე ვიყავი კოალიციის წევრი და მეტსაც გეტყვით, კოალიციაში შესვლა-არშესვლის საკითხზე თავიდანვე ერთად ვიმსჯელეთ ვენაში და ერთად გადაწყდა, რომ "მრეწველების" პარტიისთვის საჭირო და აუცილებელი იყო კოალიციაში შესვლა. ჩვენ ვიძახით, რომ ნატო ერთადერთი სწორი გზა არ არის საქართველოში და სანამ ჩვენი პარტია კოალიციაში შევიდოდა, ბრიფინგი ჩაატარეს და განაცხადეს, რომ ადასტურებენ კოალიციაში შესვლას, მაგრამ რჩებიან თავის პოზიციებზე. ეს თამაში არ არის. კოალიციას სხვადასხვა მიზნები ჰქონდა. მე პირადად ვთვლი, რომ კოალიცისი მთავარი მიზანი შეასრულა და ყოფილი რეჯიმი გაისტუმრეს. "მრეწველებმა" განაცხადეს, რომ პრინციპულ პოზიციას არ ცვლიან, ნატო-ს წინაარმდეგები არიან და ასეთი "მრეწველები" მიიღო ამ კოალიციამ,"- განაცხადა ლევან პირველმა.