ხვალ, 20 სექტემბერს, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრისთვის უფლებამოსილების შემცირების საკითხზე იმსჯელებენ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, აღნიშნული ინიციატივა ხვალინდელ ბიუროს სხდომაზე განიხილება, შემდეგ კი, საკითხი კენჭისყრაზე გასატანად მომზადდება.
"ხვალ უნდა განვიხილოთ ეს საკითხი რათა შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის კენჭისყრისთვის ვიყოთ მზად. ის კონკრეტული ცვლილება, რომელიც ეხება პარლამენტზე პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების საკითხს ხვალ განიხილება. ხვალ ისევ ვიმსჯელებთ იქნება თუ არა შესაძლებელი კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა,"- აღნიშნა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებათა პაეკტის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება შეეზღუდება და ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე მთავრობის დათხოვნის და დანიშვნის შესაძლებლობა აღარ ექნება.