საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქართველმა ერმა შეძლო, მთელი დემოკრატიული სამყაროსათვის დაგვემტკიცებინა, რომ ცივილიზებულია. როგორც სპორტის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა განაცახადა ახალმა ხელისუფლებამ უსამართლობის აღსაკვეთად კანონი და სამართლობა აირჩია.
,,ჩვენ შევძელით მთელი დემოკრატიული სამყაროსათვის დაგვემტკიცებინა, რომ ცივილიზებული ერი ვართ, რომ მოძალადეს ძალადობით არ ვპასუხობთ, რომ უსამართლობის აღსაკვეთად კანონი და სასამართლო ავირჩიეთ და უარი ვთქვით რევანშზე და ანგარიშსწორებაზე.საქართველომ ბოლო 22 წლის განმავლობაში, ჩვენი პოლიტიკური უმწიფრობის გამო, სამოქალაქო ომის ქარცეცხლი და რევოლუცია გამოიარა. თუმცა ამასაც თავისი გამართლება აქვს - ორ საუკუნეზე მეტი ჩვენ არ გვეკუთნოდა ჩვენი ქვეყანა, არ გვიმართავს ჩვენი ქვეყანა, დაკარგული გვქონდა სახელმწიფოებრიობა. ამიტომ, როდესაც პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტე, შევეცადე ისეთ რამეს ჩავჭიდებოდი, რაც, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური გამოუცდელობისა, ქვეყანას და ხალხს სწორ გზაზე გაიყვანდა. მაშინ მე ვიპოვე ერთადერთი დასაყრდენი - ეს იყო ჩვენი უძველესი უწყვეტი კულტურა, ქართველი ხალხის ისტორიული სიბრძნე და სიდინჯე. ჩემი ეს გათვლა სწორი აღმოჩნდა და დღეს მე ვამაყობ ამით.ჩვენ ისე მოვიპოვეთ თავისუფლება, ისე შევცვალეთ ჩვენი ყოფა, თანამიმდევრული, დინჯი და გათვლილი ნაბიჯებით ისე დავიწყეთ ცვლილებები, რომ ერთი უკადრისი საქციელი არ ჩაგვიდენია", _განაცხადა ივანიშვილმა.