,,მე მადლობელი ვარ ჩემი გუნდის, რომელიც აბსოლუტურად სწორად შევარჩიე", _განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სპორტის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას და მის მხარდამჭერებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
,,მე მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მენდო და ამ ბრძოლაში ბოლომდე წამომყვა. მე დღეს ვამაყობ თქვენით - თქვენ გარეშე, თქვენი გამბედაობის, თქვენი სიმტკიცის გარეშე ჩვენ ამ გამარჯვებას ვერ მივაღწევდით. ჩვენ ეს შევძელით იმ უდიდესი ენერგიის წყალობით, რომელმაც გაგვაერთიანა და რომელსაც სამშობლოს სიყვარული ჰქვია. მე მადლობელი ვარ ჩემი გუნდის, რომელიც აბსოლუტურად სწორად შევარჩიე და ამაში არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო დავრწმუნდი. რომ არა სწორად შერჩეული პოლიტიკური გუნდი, რომ არა მათი მაღალი სახელმწიფოებრივი თვითშეგნება, ჩვენ დღევანდელ დღემდე მშვიდობიანად მოსვლა ძალიან გაგვიჭირდებოდა", _განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით ხელისუფლებამ ერთი წელი ბეწვის ხიდზე იარა.
,,ეს ერთი წელი ბეწვის ხიდზე ვიარეთ ხელისუფლებამაც და ხალხმაც. ჩვენ მოვახერხეთ ცხოვრება კოჰაბიტაციის რეჟიმში, რაც სრულიად უცხო იყო ჩვენი ქვეყნისთვის და შეუძლებლადაც გვეჩვენებოდა. მაგრამ ჩვენ ეს შევძელით და სიძლიერეც სწორედ ეს არის. ჩვენმა ხელისუფლებამ თავიდან აიცილა სერიოზული დაპირისპირება და ამ არჩევნებამდე მშვიდობით მოვედით. ეს იყო ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნება. პირველად ამ ოცი წლის განმავლობაში პრეზიდენტი ამთავრებს თავის საკონსტიტუციო ვადას და ჩვენ ვირჩევთ ახალ პრეზიდენტს. ეს უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის", _განაცახადა ივანიშვილმა.