საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პატრულ-ინსპექტორი ილია სულაკაძე მედლით - „მამაცობისთვის" დააჯილდოვა.
შსს-ს ინფორმაციით, დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა პატრულ-ინსპექტორი ილია სულაკაძე სამინისტროში მიიღო და მოქალაქის გადარჩენისას გამოჩენილი გმირობისთვის მადლობა გადაუხადა.
"მინისტრმა ილია სულაკაძე მედლით - „მამაცობისთვის" დააჯილდოვა და კაპიტნის წოდება ვადაზე ადრე მიანიჭა. მინისტრმა პატრულის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაასაჩუქრა. გუშინ პატრულ-ინსპექტორმა ილია სულაკაძემ 1985 წელს დაბადებული გოდერძი იობიძე სიკვდილს გადაარჩინა. გოდერძი იობიძე ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, რესტორან "რივერ საიდთან" მდებარე ხიდიდან მდინარე რიონში თვითმკვლელობის მიზნით გადახტა. ამ ფაქტს პატრულ-ინსპექტორი ილია სულაკაძე შეესწრო. ის დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე და მდინარე რიონიდან მოქალაქე ამოიყვანა,"- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.