საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "კარგი იქნება, თუ პრემიერ-მნისტრი ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის წინსვლას უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს, ვიდრე წარსულის დოკუმენტებში ქექვას".
როგორც სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად, უკვე მოხსნილია გრიფი "საიდუმლო" სახელმწიფოსა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებს შორის ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებით ყოფილი ხელისუფლების პირობებში გაფორმებულ დოკუმენტზე, "ივანიშვილი იქექება 5 წლის წინანდელ ამბებში და კაცმა არ იცის რაში, როცა დღეს მისი ხელით ინგრევა საქართველო".
"სულისშემძვრელი რაღაცა ხდება დღეს საქართველოში, და ეს დღეს ხდება. წარსულში რაც ხდებოდა, მაგაასაც გავარკვევთ ჩვენ. დღეს ეს მთავრობა აკეთებს წარმოუდგენელ კატასტროფას. ბათუმის უნივერსიტეტი შეაჩერეს, თბილისის შემოვლითი რკნიგზა შეაჩერეს, თბილისის ასაფრენი ზოლი, რომელზეც ვლაპარაკობდი, ლაზიკა შეაჩერეს და რა სულისშემძვრელ დოკუმენტებზე ლაპარაკობს?! ეს იქექება 5 წლის წინანდელ ამბებში და კაცმა არ იცის რაში, როცა დღეს მისი ხელით ინგრევა საქართველო. ამაზე არ უნდა ამოვიღოთ ხმა და მუდმივად წარსულში უნდა ვიქექოთ?! დაანებოს თავი საქართველოს ახლანდელი პროექტების გაჩერებას და სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, კაბინეტიდან ერთხელ მაინც გამოვიდეს,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, უკვე გახსნილია ერთ-ერთი საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც ტელეკომპანია "იმედის" გასხვისებასთან დაკავშირებით წარმოებულ მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
ივანიშვილის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი ერთ-ერთი მაღალჩინოსნის და გარდაცვლილ ბიზნესმენ ბადრი პარაკაციშვილის ოჯახის წევრის მიერაა ხელმოწერილი და მისი შინაარსი საგანგაშოა.
"გრიფი "საიდუმლო" მოვხსენით "იმედთან" დაკავშირებულ თემას. თქვენ უნდა ნახოთ ხელმოწერა სახელმწიფო ჩინოვნიკსა და ოჯახის წევრებს შორის, რაზეა შეთანხმება. მე დღეს ამის გახმაურების უფლებაც არ მაქვს. ახლა ეს დოკუმენტი პრეზიენტთანაა აქვს გადაგზავნილი და რატომღაც დიდი პაუზა აიღო. ისეთი გრიფი ადევს დოკუმენტს, სანამ საქართველოს სახელმწიფო იარსებებს, მისი მოხსნის უფლება არავის აქვს. ასეთი გრიფი "საიდუმლო" ადევს თანაც. რა ხდება?! ეს არის პრინციპული. ისეთ რამეებს მალავდნენ, რაც დასამალი არაა და წინაა გამოსატანი, მაგრამ იმის თქმა როგორ შეიძლებოდა, რაც იქ წერია?! თმები ყალყზე დამიდგა მე პირადად, რაც იქ ვნახე და რაზეც ხელია მოწერილი. ერთის მხრივ სახელმწიფო ჩინოვნიკი აწერს ხელ, მეორეს მხრივ, ოჯახი, კერძო მესაკუთრე,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.