საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თურქეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტები პირადად გადასცა.
მიხეილ სააკაშვილი სამსუნის სოფელ ჩათახში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, სადაც მას შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და ქართული ენისა და ტრადიციების შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა.
პრეზიდენტსი თქმით, ქვეყნის პირველი პირის რანგში მისი ვადა სრულდება, თუმცა იგი პოლიტიკურ საქმიანობას არ წყვეტს და საქართველოს წინსვლისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
"მე წამოვედი დღეს თურქეთში და აქ დამხვდა საქართველო. ეს არის საქართველო, თქვენ ხართ საქართველო. ისე მოხდა, რომ ბედის უკუღმართობის გამო, ჩვენმა დამპყრობელმა რუსეთმა ბევრი თქვენგანი მშობლიური მიწიდან, მშობლიური მაჭახელიდან, მშობლიური ხეობებიდან, აჭარის და საქართველოს სხვა ადგილებიდან გაასახლა იმისათვის, რომ საქართველოს დავიწყებოდით თქვენ და თქვენ დაგვიწყებოდათ თქვენი საქართველო. მაგრამ ეს არ მოხდა, იმიტომ, რომ ისეთი ძლიერია ჩვენი გენი, ჩვენი ჯიში, ჩვენი ოჯახები, თუ იყვნენ ქართველები, ეს არის სამუდამო, ჩვენ ვრჩებით ქართველებად. ჩემი პრეზიდენტობის ვადა სრულდება, მაგრამ ამით მე პოლიტიკურ საქმიანობას არ ვწყვეტ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი გავაგრძელებთ საქართველოს წინსვლას, მაგრამ იმ ქართველებს, თურქეთის მოქალაქეებს, რომელთაც იციან ქართული, შეინარჩუნეს ქართველობა, უყვართ საქართველო, თავს გრძნობენ საქართველოს პატრიოტებად, უნდათ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა განვითარდეს, უნდათ რომ საქართველოს გვერდით დაუდგნენ, უნდათ, რომ თავისი სამშობლო საქართველო, მათ შორის მემლექეთი ააღორძინონ, ჩვენ ყველას მივცემთ საქართველოს მოქალაქეობას, იმიტომ, რომ თქვენ ხართ ქართველები და საქართველო თქვენთან ერთად არის ძალიან დიდი,"- მიმართა მიხეილ სააკაშვილმა თურეთში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველებს.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მცხოვრებ 936 ეთნიკურ ქართველს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა.