საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოფელ დიცში რუსი სამხედროების მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევის მორიგ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს და საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად რეაგირებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო უწყების განცხადებას "ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ჯარის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას. 2013 წლის 17 სექტემბრიდან, ცხინვალის რაიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, კერძოდ, გორის რაიონის სოფელ დიცში, საოკუპაციო ჯარებმა განაახლეს მავთულხლართებისა და ღობეების დამონტაჟების პროცესი. საქართველოს მთავრობა გმობს მსგავს უკანონო ქმედებებს, რაც სავალალოდ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და მნიშვნელოვნად ზღუდავს მათ საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებებს, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და სხვა ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ უფლებებს. სამწუხაროდ, ადგილობრივი მოსახლეობა მოკლებულია საკუთარ სასოფლო სამეურნეო ნაკვეთებზე საქმიანობის წარმოების, სასაფლაოზე შესვლისა და პირველადი სამედიცინო დახმარების მიღების უფლებას. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ზონებში არსებული კრიტიკული მდგომარეობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის აუცილებლობას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას და მიიღოს შესაბამისი ზომები რუსეთის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად,"- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.