საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე განაგრძობს შეხვედრებს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.
„დემოკრატიული მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში პარტიის ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კატერინა ბოლონიეზეს შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაცით, ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი დაინტერესდა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას სამართალდარღვევათა კონკრეტული ფაქტებით, წინასაარჩევნო გარემოთი და ნინო ბურჯანაძის შეხედულებით არჩევნების შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო გარემო ბევრად თავისუფალია, კამპანია მაინც არასამართლიან და არათანაბარ გარემოში მიმდინარეობს. ძირითადი კონკურენტებისგან განსხვავებით, ნინო ბურჯანაძეს არ აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს უფასო სარეკლამო დროით, საარჩევნო კომისიები დაკომპლექტებულია მხოლოდ სახელისუფლებო პარტიების წარმომადგენლებით და ა.შ
საპრეზიდენტო კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ „დემოკრატიული მოძრაობა" აპირებს ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენის გამოშვებას, რათა მოხდეს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების დროული ინფორმირება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე.
მასალის გამოყენების პირობები